Facebook Twitter

ას-784-1108-07 31 ოქტომბერი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ... სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “.. ..”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “.. ..-მ” (ყოფილი “.. ..”) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ... სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს “.. ..-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ... სამინისტროს შპს “.. ..-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 5208,5 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ... სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “.. ..-სთვის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ... სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ მოტივით, რომ მას გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ცნობილიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საქართველოს ... სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ... სამინისტროს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 14 ივნისს (ს.ფ.78), შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2007 წლის 28 ივნისი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ... სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა 2007 წლის 29 ივნისს ანუ ერთი დღის დაგვიანებით, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ... სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი უშუალოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გააგზავნა ფოსტის მეშვეობით 2007 წლის 28 ივნისს და, შესაბამისად, არ დაურღვევია კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა (ს.ფ.98, ასევე იხილეთ საქმეზე დართული კონვერტი).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კერძო საჩივარი დასაბუთებულია და საქმე დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ... სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინება და საქმე დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.