Facebook Twitter

ას-784-999-08 3 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ. კ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. და ნ. ხ-შვილები (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელი ბინიდან წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. კ-იამ და ნი. ხ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მამის _ ლ. ხ-შვილისა და ბებიის _ ნა. ხ-შვილის მიმართ საცხოვრებელი ბინიდან წილის გამოყოფის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები არიან დები. 1979 წელს მოპასუხე ლ. ხ-შვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა მათი დედა, რისთვისაც იგი იხდიდა სასჯელს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მოპასუხემ ხელმეორედ იქორწინა და მოსარჩელეები აიძულა, დაეტოვებინათ საცხოვრებელი ბინა. ამჟამად ქ. კ-ია და ნ. ხ-შვილი იმყოფებიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, ვინაიდან უხდებათ საცხოვრებლად უვარგის პირობებში ყოფნა და ბინის დაქირავება.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებმა დიდი ხნის წინ დატოვეს სადავო ბინა და მათი მოთხოვნა ხანდაზმულია.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ქ. კ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა მოპასუხე ლ. ხ-შვილის გარდაცვალების გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. კ-იამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლო საქმეს დეტალურად არ გაცნობია, ვინაიდან ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში ცნობილი გახდა, რომ ლ. ხ-შვილი არასათანადო მოპასუხეა და სადავო ბინა საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში ირიცხება ნა. ხ-შვილის სახელზე. ამდენად, ლ. ხ-შვილის გარდაცვალება არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის განჩინებით ქ. კ-ლიას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 2005 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა ნა. ხ-შვილის გარდაცვალების გამო, ხოლო 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.

მოცემული საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ. კ-ლიამ და ნი. ხ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ. და ნ. ხ-შვილების მიმართ.

საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ლ. ხ-შვილი 2005 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. კ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატამ მოცემული საქმის წარმოება, ლ. ხ-შვილის გარდაცვალების გამო, არასწორად შეაჩერა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია თავად აირჩიოს და დაასახელოს მოპასუხე, რომლის მიმართაც მიმართულია მისი პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში ქ. კ-იამ სარჩელის აღძვრისას ერთ-ერთ მოპასუხედ დაასახელა ლ. ხ-შვილი და შემდგომ მითითებული პირის არასათანადო მოპასუხედ ცნობის თაობაზე სასამართლოს წინაშე არ უშუამდგომლია, შესაბამისად, ლ. ხ-შვილი საქმეში მონაწილეობდა მოპასუხის სტატუსით. მისი გარდაცვალების შედეგად საქმის წარმოების შეჩერება და მხარის უფლებამონაცვლის დადგენა აუცილებელ საპროცესო მოქმედებას წარმოადგენს იმისათვის, რომ განისაზღვროს და საქმეში მოპასუხედ ჩაებას ის პირი, რომელიც განახორციელებს მხარის უფლებებსა და სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებისას იკისრებს მოსარჩელის მოთხოვნის შესრულებას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას. დასახელებული ნორმა ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, შეაჩეროს საქმის წარმოება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი გარდაიცვლება და, დავის არსიდან გამომდინარე, დასაშვებია საქმის წარმოების გაგრძელება მისი უფლებამონაცვლის მონაწილეობით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა საპროცესო უფლებამონაცვლეობას უშვებს და საქმის წარმოება, მოპასუხე ლევან ხ-შვილის გარდაცვალების გამო, მართებულად შეაჩერა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.