Facebook Twitter

ას-785-1109-07 17 ოქტომბერი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჯ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, თანამესაკუთრედ ცნობა და წილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2004 წლის 17 ივნისს ლ. ჯ-მ სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ რ. ბ-ის, თ. და ბ. მ-ების მიმართ და მოითხოვა, 1996 წლის 24 იანვრის ¹... რეესტრით რეგისტრირებულ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, შვილთან ერთად ქ. თბილისში, ... დასახლება ¹23-41-ში მდებარე ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა და საკუთრების უფლებით, 12 კვ.მ ¹3 ოთახზე და 9კვმ ¹1 ოთახზე საკუთრების წილის განსაზღვრა, საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ, მართალია, მოსარჩელე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესახლებულ იქნა სადავო ბინაში, მაგრამ მან ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე თავისი ნებით დატოვა სახლი და საცხოვრებლად რუსთავში გადავიდა, რითაც დაკარგა ბინის ფართზე უფლება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. იგი ცნობილ იქნა თბილისში, ... დასახლება ¹23-41-ში მდებარე ბინის თანამესაკუთრედ და მის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 12 კვ.მ ¹3 ოთახი, და, შესაბამისად, გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო ცვლილება იქნა შეტანილი საჯარო რეესტრის ჩანაწერებსა და პრივატიზაციის ხელშეკრულებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი რ. ბ-ე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ლ. ჯ-ის შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და 2006 წლის 6 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა აპელანტმა რ. ბ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით რ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებ რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა რ. ბ-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის გნჩინებით რ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.

რ. ბ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული რ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ბ-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ბ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა 12 დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში, ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე და მესამე წინადადებების შესაბამისად, სასამართლო უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საფოსტო შეტყობინების თანახმად კერძო საჩივრის ავტორს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 20 სექტემბერს, ხოლო _ მის წარმომადგენელ ვ. კ-ს 2007 წლის 19 სექტემბერს. რ. ბ-ის მიერ მოცემული განჩინება გასაჩივრებულია 2 ოქტომბერს. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის თორმეტ დღიანი ვადა, ვინაიდან კერძო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს 2007 წლის 19 სექტემბრიდან, იმ დროიდან, როდესაც უწყება ჩაბარდა წარმომადგენელს, ამდენად რ. ბ-ს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2007 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ. ბ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.