Facebook Twitter

ას-788-1154-06 12 თებერვალი 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც. კ-ის წარმომადგენელი ა. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ლ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21-22 სექტემბრის განჩინებები.

კერჩო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საერთო საკუთრების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 14 ნოემბერს ც. კ-მ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბ. ლ-ს მიმართ, საერთო საკუთრების გაყოფის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით იგი 1986 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ნ. ლ-ა დაბადებული 1986 წლის 22 ნოემბერს და გ. ლ-ა დაბადებული 1988 წლის 11 მაისს. მიუხედავად ერთად ცხოვრებისა არანაირად არ მოხერხდა ერთიანი მყარი ოჯახის ჩამოყალიბება, რის გამოც 2004 წლის 5 ოქტომბერს განქორწინდნენ. რა დროსაც არ მომხდარა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა და მოითხოვა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ქუთაისში ... ქ. ¹167/130-104 საერთო სარგებლობის ფართის გაყოფა, გამოგზავნილი ნივთების უკან დაბრუნება ან თანხით ანაზღაურება და მოპასუხეზე 4000 აშშ დოლარის დაკისრება.

2006 წლის 31 იანვარს შეგებებული სარჩელით მიმართა ბ. ლ-მ და განმარტა, რომ განქორწინების რეგისტრაცია მასსა და მოსარჩელეს შორის მოხდა 2001 წლის 16 ნოემბერს და არა 2004 წლის 5 ოქტომბერს როგორც ამას მოსარჩელე აღნიშნავს. ამდენად 2004 წლის 5 ოქტომბერს სააქტო ჩანაწერი და მის საფუძველზე გაცემული განქორწინების მოწმობა კანონსაწინააღმდეგოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ც. კ-ის სარჩელს, ბ. ლ-ს მიმართ, საერთო ქონების გაყოფის თაობაზე, უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. ბ. ლ-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ბ. ლ-სა და ც. კ-ის განქორწინების შესახებ 2004 წლის 5 ოქტომბრის სააქტო ჩანაწერი.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწტვეტილება გაასაჩივრა ც. კ-ის წარმომადგენელმა დ. ს-მ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ც. კ-ის წარმომადგენლის საჩივარი და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. კ-ის წარმომადგენელმა დ. ს-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით ც. კ-ის წარმომადგენელს დ. ს-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაენიშნა 10 დღიანი ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ც. კ-ის წარმომადგენლის დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.

2006 წლის 22 სექტემბრის განჩინებით პალატის მიერ მოხდა ზემოაღნიშნულ განჩინებაში დაშვებული უსწორობის განმარტება.

2006 წლის 21-22 სექტემბრის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. კ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძოO საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო სასამართლოს მიერ საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების შესახებ მიღებული განჩინება არ ჩაბარებია მის მარწმუნებელს, ხოლო დ. ს-ე არ იყო უფლებამოსილი პირი დაეცვა ც. კ-ის ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21-22 სექტემბრის განჩინებების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განხილვისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21-22 სექტემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წიადადების თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის ესა და ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 12 ივნისს მიღებული სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა და ჩაბარდა სააპელაციო საჩივრის შემომტანს დ. ს-ს, მისი განცხადების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 20 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად გაუგრძელა ვადა 10 დღით. აღნიშნული განჩინება დ. ს-ს ჩაბარდა 2006 წლის 06 სექტემბერს, ხოლო მან კვლავ მომართა სასამართლოს დანიშნული ვადის გაგრძელების თხოვნით 2006 წლის 20 სექტემბერს, ვადის გასვლის შემდგომ.

საკასაციო პალატას თვლის, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ გამოასწორა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. ამდენად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. კ-ის წარმომადგენლის ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს:

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21-22 სექტემბრის განჩინებები.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.