Facebook Twitter

ას-789-1155-06 12 თებერვალი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ლ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. კ-ა (მოპასუხე)

დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ლ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ო. კ-ს მიმართ და მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ. ლ-ს მამის _ გ. ა-ს ძე ლ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებაზე უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-ის წარმომადგენელმა მ. ჯ-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 ივნისის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად; ამავე პალატის 2005 წლის 28 ივნისის განჩინებით მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ლ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და მისი ქსერო ასლი გამოაგზავნა სხვა მოქალაქის ხელით. დედანი თვითონ აქვს და აპირებდა სხდომაზე წარმოდგენას.

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მ. ლ-ს კერძო საჩივრისათვის დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რისთვისაც მას განესაზღვრა 5 დღიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მ. ლ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. ამავე პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით მ. ლ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით. აღნიშნული განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ლ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მ. ლ-ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 147-148). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მ. ლ-ს და მის წარმომადგენელს მ. ჯ-ს (ს.ფ. 149; 151), რაც 2006 წლის 18 დეკემბერს მის წარმომადგენელს ჩაბარდა პირადად (ს.ფ. 152), მაგრამ მ. ლ-ს პირადად არ ჩაბარებია, რის გამოც საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება და ამავე პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით მ. ლ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით. აღნიშნული განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 153-154). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მ. ლ-ს (ს.ფ. 155), რაც პირადად ჩაბარდა 2007 წლის 30 იანვარს (ს.ფ. 156). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, მ. ლ-ს განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ლ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ლ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.