ას-790-1112-ა-07 29 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ი-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ვ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი _ საფლავის პასპორტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ვ-მ 2004 წლის იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ი. ი-სა და შპს „.. ..“ მიმართ და მოითხოვა საფლავის პასპორტის ბათილად ცნობა და სადავო საფლავის მისთვის მიკუთვნება. მან სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1989 წელს მოსარჩელის ბებია-ბაბუის _ ვ. და ე. ვ-ების ნეშტი ქ.ქუთაისში მდებარე ... სახელობის ეკლესიის ეზოდან გადასვენებულ იქნა ე.წ. “...” სასაფლაოზე, რომლის ტერიტორია ეკუთვნოდა ... სამმართველოს და გადმოსვენება მოხდა სამმართველოს ხელმძღვანელობასთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. საფლავს გაუკეთდა ღობე, ასევე გადმოტანილ იქნა წარწერიანი საფლავის ქვა. 2003 წელს ნ.ვ-მ შეიტყო, რომ ამავე საფლავზე პრეტენზია განაცხადა მამამისის დედინაცვლის დისშვილმა ი. ი-მა, რომელმაც შპს “.. ..” წარუდგინა საფლავის სააღრიცხვო ბარათი და მის საფუძველზე მიიღო საფლავის პასპორტი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული პასპორტი გაიცა უკანონოდ, რადგან მასში დაკრძალულ პირებად მითითებულნი არიან ლ. და რ. მ-ები, ხოლო სააღრიცხვო ბარათში აღნიშნულია ნ. მ-ე, მეორე პირის ვინაობა კი არ იკითხება, ვინაიდან ბარათს ბოლო აქვს მოხეული. მოსარჩელემ მოითხოვა შპს „.. ..ი...ის“ მიერ ი. ი-ს სახელზე გაცემული ¹69 საოჯახო საფლავის პასპორტის ბათილად ცნობა და სამოქალაქო კოდექსის 1332-ე მუხლის საფუძველზე, როგორც ერმილე ვ-ის პირდაპირი მემკვიდრის, “...” სასაფლაოზე არსებული 15 კვ.მ საფლავის მესაკუთრედ ცნობა.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ნ.ვ-მ სასარჩელო მოთხოვნაზე სადავო სასაფლაოს მიკუთვნების შესახებ უარი თქვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შპს „.. ..“ მიერ ი. ი-ს სახელზე გაცემული ¹69 საოჯახო საფლავის პასპორტი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ი-მა.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში. ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 იანვრის განჩინებით ი. ი-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო შეიტანა ი. ი-მა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 იანვრის განჩინებაზე ი. ი-მა 2007 წლის 19 ივლისს შეიტანა ასევე კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას სასამართლომ არასწორად დააკისრა სახელმწიფო ბაჟი, რადგან მას საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას წარდგენილი ჰქონდა ცნობა ინვალიდობის შესახებ. სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა და არასწორად დააკისრა მას სახელწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. ი-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი. ი-ი კერძო საჩივრით სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის 2006 წლის 11 იანვრის განჩინებას, კერძოდ, ამ განჩინებით მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის დაკისრების საკითხს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულია კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა. ამ ნორმის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლო ხარჯების თაობაზე გამოტანილი სასამართლო განჩინების გასაჩივრებას კერძო საჩივრით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-55-ე მუხლები არ ითვალისწინებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით ი. ი-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 იანვრის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული. ამდენად, სააპელაციო პალატის 2006 წლის 11 იანვრის განჩინება ი. ი-ს ერთხელ უკვე გასაჩივრებული ჰქონდა საკასაციო წესით, რომლის თაობაზეც საკასაციო პალატამ მიიღო ზემოაღნიშნული განჩინება, ხელმეორედ კი იმავე განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა კანონით დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან კიდევ, ამ განჩინების მხარისათვის გადაგზავნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 იანვრის განჩინება 2006 წლის 3 თებერვალს პირადად ჩაბარდა ი. ი-ს (ს.ფ. 49). აღნიშნული განჩინება მან კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა კიდეც საკასაციო საჩივრით. მან კერძო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 19 ივლისს, ე.ი. კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. ი-ს კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ი-ს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.