¹ას-791-1006-08 24 ნოემბერი, 2008წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ პ. ს-დია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ დ., ვ., ლ. და ლ. კ-ავები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ მატერიალური ზიანის ანაზღაურება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 26 ივნისს ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა პ. ს-დიამ მოპასუხეების _ ვ. კ-ავას, ლ. კ-ავას, რ. კ-ავას და დ. კ-ვას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვ. კ-ავამ, დ. კ-ავამ, ლ. კ-ავამ და რ. კ-ავამ ჩხოროწყუს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ჰექტრამდე მიწის ფართობი შემოაკავეს მავთულბადით და გარე ხედზე გაიყვანეს ერთ მეტრომდე სიღრმის ორმო, რომელიც იყო დაუცველი. 2007 წლის 20 მარტს დასახელებულ ორმოში ჩავარდა მოსარჩელის ძროხა, რომელიც ამოიყვანეს და დაკლეს, რადგან მაინც კვდებოდა. აღნიშნული ძროხა იყო მოსარჩელის ოჯახის მარჩენალი, რომლის დაღუპვითაც მოსარჩელეს 800 ლარის ოდენობით ზარალი მიადგა (ს.ფ. 2-4).
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით პ. ს-დიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ძროხა თხრილში ჩავარდნის გამო დაზიანდა და დაკლეს. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ძროხის ხორცის დაახლოებით 60 კილოგრამი იყო სუფთა, რომელიც პ. ს-იამ გამყიდველს გადასცა დაახლოებით 150 ლარად. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ძროხის დაზიანებაში მოპასუხეების ბრალი არ იკვეთებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ იგი მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს სხვას ზიანს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით ზიანის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის მიხედვით უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება სხვა სახის მტკიცებულებებით დადასტურდეს. რაიონულმა სასამართლომ დაადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა გარემოებებს, რომლებზედაც თავის მოთხოვნას ამყარებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 33).
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ს-იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 39-50).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინებით პ. ს-იას სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში პ. ს-ია სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მის სარჩელს მატერიალური ზიანის 800 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი, ე.ი. დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ იყო დასაშვები (ს.ფ. 62-65).
აღნიშნულ განჩინება პ. ს-იამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა შემდეგი მოტივებით:
მოპასუხეთა გაუფრთხილებლობითმა მოქმედებამ გამოიწვია პ. ს-იას ძროხის ორმოში ჩავარდნა, რასაც მოჰყვა ძროხის სიკვდილი. შესაბამისად, ეს არის მოპასუხეებისთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში იმის მითითება, რომ დაუდგენელია, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული სიღრმის ორმოში ძროხის დახრჩობა, არის არასწორი. ამასთან, სინამდვილეში მისი ძროხის (რომელიც იყო მაკედ) ღირებულება 1300 ლარით განისაზღვრებოდა და არა 800 ლარით, ხოლო აღნიშნული თანხა მან დააფიქსირა კეთილმეზობლური ურთიერთობიდან გამომდინარე (ს.ფ. 76-83).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ს-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში პ. ს-იას სარჩელის დავის საგანს შეადგენდა 800 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით აღნიშნული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ს-იამ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 800 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რამდენადაც აპელანტის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ, როგორც კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში დადგენილი დავის საგნის ღირებულების 1000 ლარის ოდენობით განსაზღვრა არასწორია და დავის საგნის ღირებულება სინამდვილეში 1300 ლარს შეადგენს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულება განსაზღვრა 800 ლარით, რაც სააპელაციო სასამართლოსთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებისთვის მხედველობაში მისაღებად სავალდებულო იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ. ს-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.