¹ას-792-1079-09 9 ნოემბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლა. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ე-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. პ-შვილი, ნ. ვ-ული, ნოტარიუსი ე. შ-შვილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, თანასაკუთრებიდან წილის განსაზღვრა და გამოყოფა, აუქციონის შედეგებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ე-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ნოტარიუს ე.შ-შვილს, მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, ნ. ვ-ულისა და მ. პ-შვილის მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების, გარიგებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური შეიცვალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ე-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მოცემული საქმე განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, მ. ე-იამ იკისრა 6 თვის ვადაში, 2009 წლის 16 აპრილის ჩათვლით მ. პ-შვილისათვის 20 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება; მ.პ-შვილმა თანხმობა გამოთქვა, მითითებული თანხის გადახდისთანავე მ. ე-იასა და ნ. ვ-ულს საკუთრებაში გადასცეს უძრავი ქონება (სარეგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი 72, სექტორი დიღომი, 0,030 ჰა სასოფლო-სამეურნეო ¹181 ნაკვეთი შენობა-ნაგებობით) და საჯარო რეესტრში აღრიცხოს იგი მ. ე-იასა და ნ. ვ-ულის საკუთრებად; ზემოხსენებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მ. ე-ია და ნ. ვ-ული 2009 წლის 17 აპრილს სადავო უძრავ ქონებას გადასცემენ მ. პ-შვილს; მხარეთა შეთანხმებით, სადავო უძრავ ქონებას დაედოს ყადაღა და მ. ე-იას მიერ თანხის ვადაში გადაუხდელობისას მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდება.
2009 წლის 27 აპრილს მ. ე-იამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების აღსრულების 6 თვით გადავადების, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის შესახებ იმდაგვარად, რომ მ. პ-შვილს 20000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ გადაუფორმდეს მ. ე-იას კუთვნილი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით მ.ე-იას განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 31-ე, 36-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების აღსრულება გადაუვადოს მხარეს მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობის შემთხვევაში, აღსრულება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ე-იამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კერძო საჩივრის ავტორი სასამართლოში საქმის განხილვისას აღნიშნავდა, რომ მორიგების პირობის შესასრულებლად _ 20 000 აშშ დოლარის მ.პ-შვილისათვის გადასახდელად მხოლოდ ერთი საშუალება გააჩნია, კერძოდ, უნდა გაეყიდა ქ.თბილისში, დიღომში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ვინაიდან სხვა ქონება მას არ გააჩნდა. მორიგების დამტკიცების მომდევნო პერიოდში მ.ე-იამ ვერ შესძლო კუთვნილი უძრავი ნივთის რეალიზაცია მინიმალურ ფასადაც კი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და მის შემდეგ არსებული ეკონომიკური კრიზის გამო, რა დროსაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და საბანკო კრედიტის მიღება უკიდურესად გართულდა. მ.ე-იას მეუღლემ მიიღო საბანკო კრედიტი მხოლოდ 5600 ლარის ოდენობით და შესთავაზა მ.პ-შვილს დასაწყისისათვის 5000 აშშ დოლარის გადაცემა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ.ე-ია იძულებით გადაადგილებული პირია, ჰყავს სამი შვილი, სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია და სადავო ფართიდან გამოსახლებას მძიმე შედეგი მოჰყვება მისი ოჯახისათვის. ამასთან, მხედველობაშია მისაღები საქართველოს ხელისუფლებისა და ქალაქის მერიის განცხადება ლტოლვილთათვის იძულებითი გამოსახლებისას შეღავათების მინიჭების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მ. პ-შვილმა ¹ა-2150-09 განცხადებით მიმართა პალატას, რომელსაც დაურთო წერილობითი მტკიცებულება 1 ფურცლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ე-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადითYგადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც, სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას. აღნიშნული კანონის დანაწესი არ უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშულებებში კანონით განსაზღვრული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება. ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ შედეგზე.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საფუძვლებს შეიცავს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც მიუთითებს აღსრულების შეჩერების წინაპირობად მიჩნეულ კონკრეტულ გარემოებათა ჩამონათვალზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მხარეს 2008 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო განჩინების აღსრულების გადადებისა და აღსრულების საშუალების შეცვლის არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და არც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით” გათვალისწინებულ ობიექტურ საფუძველზე არ მიუთითებია, კერძოდ:
მოცემულ შემთხვევაში მ.ე-ია მოითხოვდა მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების აღსრულების 6 თვით გადადებასა და აღსრულების საშუალების იმდაგვარად შეცვლას, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შეთანხმებული თანხის სანაცვლოდ გადასცემოდა მ.ე-იას კუთვნილი უძრავი ნივთი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმით კანონმდებელი გულისხმობს, რომ მორიგებისას მხარეებმა სადავო საკითხზე უნდა მიაღწიონ კომპრომისს, რაც მორიგების პირობების სახით დეტალურად აისახება მორიგების აქტში და, ასეთი პირობების კანონთან შესაბამისობისას, მტკიცდება სასამართლო განჩინებით.
განსახილველ შემთხვევაში მ. ე-იასა და მ. პ-შვილს შორის 2008 წლის 16 ოქტომბერს დამტკიცებული მორიგების პირობას წარმოადგენდა ის, რომ 2009 წლის 17 აპრილამდე მ.ე-იას მ.პ-შვილისათვის უძრავი ქონების სანაცვლოდ უნდა გადაეცა 20 000 აშშ დოლარი. მ.ე-იას მიერ აღნიშნული თანხის მოპოვებასთან დაკავშირებით მხარეებს რაიმე კონკრეტული პირობა არ გაუთვალისწინებიათ, ამდენად, ზემოხსენებული სასამართლო განჩინების აღსრულებაზე გავლენას ვერ მოახდენს მ.ე-იას მითითება, რომ იგი ჯერ კიდევ მორიგების დამტკიცებამდე განმარტავდა სასამართლოში, რომ 20 000 აშშ დოლარის გადახდა შეეძლო მხოლოდ კუთვნილი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალიზების შემდეგ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ე-იას მოთხოვნის შესაბამისად 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინების აღსრულების საშუალების შეცვლით _ თანხის სანაცვლოდ, მ.პ-შვილისათვის თუნდაც გადასახდელ თანხაზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით არსებითად შეიცვლება ზემოაღნიშნული განჩინებით დამტკიცებული მხარეთა შეთანხმების სამართლებრივი შედეგი და დაირღვევა მ. პ-შვილის კანონიერი უფლება, კანონით დადგენილი გზით _ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებით მოახდინოს ამ გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებული უფლებების რეალიზება.
რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების 6 თვით გადადების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის მ.ე-იას მიერ თანხის გადაცემის ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის _ 2009 წლის 16 აპრილისა და სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის _ 27 აპრილის შემდეგ გასულია 6 თვე და, მართალია, გასაჩივრებული განჩინებით მხარეს გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებაზე უარი ეთქვა, მ.ე-იას საკმარისი დრო ჰქონდა, რათა მორიგების პირობების შესრულებაზე ეზრუნა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ე-იას მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ ჩაითვლება მის მიერ წარმოდგენილი სოფელ დიღმის საჯარო სკოლის 2009 წლის 27 აპრილის ¹79 ცნობა ნ. თ. და გ. კ-იების (მ.ე-იას შვილების) მე-2, მე-3 და მე-4 კლასებში სწავლის შესახებ და ბ. კ-იას (მ.ე-იას მეუღლის) მიერ სს “პროკრედიტ ბანკიდან” 5600 ლარის ოდენობით კრედიტის გამოტანის თაობაზე, რადგან მითითებული მტკიცებულებებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის სამართლებრივი წინაპირობების არსებობა არ დასტურდება.
მ. პ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ¹ა-2150-09 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულება 1 ფურცლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ე-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.