Facebook Twitter

საქმე №87აგ-17 თბილისი

ზ-ე მ. 87აგ-17 19 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ზ-ს ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით მ. ზ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენით: დაკმაყოფილდა პროკურორის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენი; მ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა: 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 2000 ლარი, ხოლო 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. ზ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2016 წლის 17 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 21 აგვისტოდან იმავე წლის 2 სექტემბრის ჩათვლით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენზე.

4. 2017 წლის 23 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ მ. ზ-ს ადვოკატმა ე. მ-მ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მ. ზ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა სააპელაციო პალატის უკანონო შემადგენლობამ, საქმის განხილვის პროცესში მოგვიანებით ჩართული სათადარიგო მოსამართლის მონაწილეობის გამო.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ზ-ს ადვოკატ ე. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ზ-ს ადვოკატმა ე. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და მ. ზ-ს მიმართ გამოტანილი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენის გაუქმება იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ისეთი ახალი გარემოება, რომელიც დაადასტურებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, მსჯავრდებულ მ. ზ-ს ადვოკატ ე. მ-ს არ წარმოუდგენია, ხოლო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ თითქოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენი გამოიტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უკანონო შემადგენლობამ, საქმის განხილვის პროცესში მოგვიანებით ჩართული სათადარიგო მოსამართლის მონაწილეობით, მხარისათვის თავიდანვე იყო ცნობილი (მხარეებს 2016 წლის 17 მარტის სასამართლო პროცესზევე ეცნობათ საქმეზე სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის შესახებ და განემარტათ მისი აცილების უფლება), თუმცა, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქმის არსებითი განხილვა ისე დასრულდა, რომ მსჯავრდებულ მ. ზ-სა და მის ადვოკატს სააპელაციო პალატის შემადგენლობაში სათადარიგო მოსამართლის ჩართვა არ გაუპროტესტებიათ და არც განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრებისას დაუფიქსირებია მსჯავრდებულს მსგავსი მოთხოვნა.

4. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულის ადვოკატ ე. მ-ს მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ზ-ს ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ზ-ს ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ მ. ზ-ს ადვოკატ ე. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი