ას-796-1118-07 21 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვალს განცხადებით მიმართა მ. მ-მ და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
განცხადება იყო ხარვეზიანი, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც სსკ-ის 39-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენდა 100 ლარს, ამასთან, განცხადება არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, მითითებას იმ საფუძველზე, რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განცხადებაში არ იყო აღნიშნული იმ გარემოების შესახებ, რომლებიც მოწმობდნენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, აგრეთვე, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვდა განცხადების ავტორი გადაწყვეტილების გაუქმებასა და შეცვლას.
აღნიშნული ხარვეზის შესავსებად განცხადების ავტორს 2006 წლის 10 მარტის განჩინებით განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტა, რომ, თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
განჩინების ასლი განცხადების ავტორს მ. მ-ს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 მაისს განცხადებით მიმართა მ. მ-მ და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 მაისის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა და იგი განისაზღვრა 10 დღით მისთვის ამ განჩინების ასლის გადაცემიდან.
აღნიშნული განჩინების ასლი განცხადების ავტორს მ. მ-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 27 მარტს.
განცხადების ავტორის მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, განცხადების ავტორმა წარმოადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, რომლითაც, სახელმწიფო ბაჟის შესახებ მე-5 მუხლის თანახმად, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით მ. მ-ის განცხადება დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. მ-მ. მან აღნიშნა, რომ მისი განცხადება სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს სსკ-ის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, განცხადება აღარ დაიშვება.
მართალია, განცხადების ავტორმა მ. მ-მ ხარვეზი გამოასწორა ნაწილობრივ, მაგრამ სსკ-ის 427-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, მითითებას იმ საფუძველზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება, აგრეთვე, იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ წინაპირობებს და სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მ. მ-ის განცხადება განუხილველად.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს მოცემული საქმის განხილვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება ეძლევა „შეუძლებლობის“ ცნებას, ანუ რა შემთხვევა შეიძლება ქმნიდეს ისეთ ობიექტურ სირთულეს, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. „შეუძლებლობა“ წარმოადგენს ისეთ ობიექტურ სირთულეს ან დაბრკოლებას, რომელიც გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ისეთ გარემოებებს, რომლის დადგომა არის განპირობებული მართლმსაჯულების განხორციელების დამაბრკოლებელი ფაქტორებით. კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულია მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნული საქმის განხილვის შეჩერება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განჩინებაში მოყვანილი გარემოება არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნეს მოცემული საქმის გამოკვლევის შეუძლებლობის განმაპირობებელ ობიექტურ სირთულედ.
მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით დარჩა განუხილველად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სადავო-სამართლებრივ ურთიერთობას კავშირი არა აქვს იმ სისხლის სამართლებრივ დავასთან, რაზეც იგი მიუთითებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.