ას-796-1162-06 6 მარტი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ჩ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ა. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ .. .. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ .. .. ..” მიმართ 36939 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე მუშაობდა საწარმოო გაერთიანება “ .. .. ..” გროზნოს კანტორის “ნ...ის” საქართველოს განყოფილებაში, რის საფუძველზეც მოსარჩელის ოჯახს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ქ.თბილისში, ... ქ.¹29-ში მდებარე მშენებარე საუწყებო კორპუსში გამოეყო ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინები. მოპასუხე მითითებული დაწესებულების სამართალმემკვიდრეა, თუმცა ბინების გადაცემის ნაცვლად, საზოგადოებამ საუწყებო კორპუსი გაასხვისა და მოსარჩელეს 1 კვ.მ-ზე 150 აშშ დოლარის ანაზღაურებას შეპირდა, რაც არ განუხორციელებია. ბინების ღირებულების ზრდის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 1 კვ.მ-ზე 300 აშშ დოლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, გადაწყვეტილების სასამართლო გზავნილი ნ. ჩ-ს ჩაბარდა 2006 წლის 17 ოქტომბერს, სააპელაციო საჩივარი კი მხარემ შეიტანა ამავე წლის 2 ნოემბერს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ნ. ჩ-ის წარმომადგენელ ა. გ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ.ჩ-მა და მისმა წარმომადგენელმა ა. გ-მ შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2006 წლის 17 ოქტომბრიდან არასწორად აითვალა. აღნიშნულ დღეს ნ. ჩ-ს სასამართლო გზავნილით ჩაბარდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და არა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, როგორც ამას კანონი მოითხოვს. კერძო საჩივარს დაერთო სადავო გზავნილი და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ისა და მის წარმომადგენელ ა. გ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების გზავნილი ნ. ჩ-ს 2006 წლის 17 ოქტომბერს ჩაბარდა. ამავე წლის 2 ნოემბერს კი მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აითვლება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში კი კერძო საჩივარს ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გზავნილი, რომლითაც ირკვევა, რომ 2006 წლის 17 ოქტომბერს ნ. ჩ-ს ჩაბარდა არა დასაბუთებული გადაწყვეტილება, არამედ მისი სარეზოლუციო ნაწილი. აღნიშნული გარემოება დასტურდება იმითაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სხდომაზე გამოცხადდა რა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, იგი საქმის მასალებს არ დართვია. განსახილველ კერძო საჩივართან ერთად კი წარმოდგენილია ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დედანი. ამდენად, ზემოხსენებული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის საფუძველი ვერ გახდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად არასწორად დატოვა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ჩ-ისა და მის წარმომადგენელ ა. გ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.