ას-797-1084-09 18 სექტემბერი, 2009 წელი
¹ ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანმა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს ,,პირველი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო”, შპს “პირველი ჟურნალი”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,პირველი ჟურნალმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “პირველის” მიმართ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის თაობაზე.
შპს ,,პირველმა” სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,პირველი ჟურნალის” სარჩელი დაკმაყოფილდა, აეკრძალა მოპასუხე შპს “პირველს” მოსარჩელის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის _ “პირველი” “PIღVELI” გამოყენება, მათ შორის ინტერნეტის საინფორმაციო ქსელში მოპასუხის მიერ განთავსებული ვებ-გვერდის დასახელებაში.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაზიარებულ იქნა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 მაისის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის განჩინებით სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნა ახალი განჩინება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე, პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 აგვისტოს ¹2/1386-07 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შინაარსი _ აეკრძალოს შპს ,,პირველს” მოსარჩელის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის “პირველი” “PIღVELI” გამოყენება, ნიშნავს ამ სასაქონლო ნიშნის ,,პირჭელი” სახით გამოყენების აკრძალვასაც.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს ,,პირველის” წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,პირველის” კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის ამავე პროცესუალური წესით შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აღნიშნული ნორმა იმპერატიულ ნორმათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ადგენს, რომ ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებლობა მხარეებს აღარ ანიჭებს.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს” წარმომადგენლის კერძო საჩივარი და განიმარტა სადავო გადაწყვეტილება, აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს საბოლოოს და მისი შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს ,,პირველის” წარმომადგენელ ანი მიროტაძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (კერძო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას, შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს შპს ,,პირველის” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 419-ე, 185-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,პირველის” წარმომადგენელ ანი მიროტაძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
შპს ,,პირველს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.