Facebook Twitter

ას-801-1088-09 16 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. ც-ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჯ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნოტარიუს მ. ფ-ას მიერ 1999 წლის 17 მარტს თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ლიტ “...”-სავაჭრო-სასარგებლო ფართიდან (2635 კვ.მ) 700 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ჯ. ც-სა და დ. ქ-ას შორის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მითითებული ფართი საჯარო რეესტრში აღირიცხა ჯ. ც-ის საკუთრებად; თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ლიტ “...” სავაჭრო-სასარგებლო ფართიდან (2635 კვ.მ) 700 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართი გამოთხოვილ იქნა დ. ქ-ას მფლობელობიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განჩინებით დ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2009 წლის 6 აპრილს დ. ქ-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:

განმცხადებლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ დ. ქ-ას ჯ. ც-ვის არ ჰქონდა გადახდილი 1999 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. საქმის განხილვისას, დ. ქ-ამ ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჯ. ც-ვის არათუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, არამედ გაცილებით მეტი თანხა ჰქონდა გამოგზავნილი, ვინაიდან იგი არ ცხოვრობდა საქართველოში, არ გააჩნდა ჯ. ც-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი ხელწერილები, რადგან თანხის გადახდას ახორციელებდა მისი ძმა _ რ. ქ-ა, რომელსაც თანხის გადახდის დამადასტურებელი ხელწერილები ჰქონდა დაკარგული და, შესაბამისად, ვერ დაადასტურა თანხის გადახდის ფაქტი. 2009 წლის მარტში, ნაპოვნი იქნა რ. ქ-ას კუთვნილი საქაღალდე, სადაც მოთავსებული იყო ის ხელწერილები, რომლითაც დასტურდებოდა ჯ. ც-ვის და მისი კრედიტორებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე გაცილებით მეტი თანხის გადახდის ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით დ. ქ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და განახლდა ჯ. ც-ის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ დ. ქ-ამ ვერ შეძლო წარმოედგინა მისი მხრიდან ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული ჰქონდა, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ც-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ დ. ქ-ას მიერ მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოება რომც ყოფილიყო წარმოდგენილი თავის დროზე სასამართლო პროცესზე, ეს მაინც ვერ მოახდენდა გავლენას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან აღნიშნულით ვერ მტკიცდებოდა ის ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც აპელირებდა დ. ქ-ა სასამართლო დავის განხილვის დროს, კერძოდ, მისი მტკიცებით ნასყიდობის ფასი გადახდილი ჰქონდა ხელშეკრულების დადებამდე, რაც მითითებული გადახდის ხელწერილებით არ დასტურდებოდა, ვინაიდან აღნიშნული ხელწერილებიდან გამომდინარე, თანხის გადახდა განხორციელდა ხელშეკრულების დადების შემდგომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ჯ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ისეთ შემთხვევაში, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოების ან მტკიცებულების შესახებ, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი გარემოება ან მტკიცებულება, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, თუ მტკიცებულება არსებობდა გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარემ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ და მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

განსახილველ შემთხვევაში, დ. ქ-ა საქმის არსებითად განხილვის დროს უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იყო, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მან ვერ შეძლო, ვინაიდან არ იცოდა მათი არსებობის შესახებ, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები (თანხის გადახდის ხელწერილები) არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე და მოძიებულ იქნა მას შემდგომ, რაც გადაწყვეტილება კანინიერ ძალაში შევიდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სწორად განაახლა საქმის წარმოება, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

რაც შეეხება ჯ. ც-ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ შეიძლებოდა ჰქონოდა მნიშვნელობა საქმის წარმოების განხლებისათვის, ვინაიდან საქმის არსებითად განხილვის დროს მოპასუხე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ ვალდებულება შესრულებული იყო ხელშეკრულების დადებისთანავე, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულების დადებიდან გარკვეული დროის შემდგომ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის არსებითად განხილვის დროს სადავოდ არ გამხდარა ვალდებულების ჯეროვნად, ვადაში შესრულება, არამედ მოსარჩელის მხრიდან სადავოდ იყო გამხდარი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. შესაბამისად, სასამართლოს არ გამოუკვლევია ვალდებულების ვადაში შესრულების ფაქტი და ამდენად, დავის საგნიდან გამომდინარე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დადასტურება და არა ამ ვალდებულების ვადაში შესრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლააქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.