ას-802-1168-06 20 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. მ-ს გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 1960 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 6920 აშშ დოლარის გადახდა. ზ. მ-მ საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. ამავე სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ზ. მ-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ზ. მ-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ზ. მ-ს მიეცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინებით კი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. მ-მ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის განჩინება გააგზავნა არასწორ მისამართზე, რის გამოც მას განჩინება არ ჩაჰბარებია. ის რეგისტრირებულია ... ქ.¹2-ში, მაგრამ ცხოვრობს წყნეთში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან (ს.ფ.128).
დადგენილია, რომ ზ. მ-ს განჩინების ასლი გაეგზავნა 2006 წლის 26 ოქტომბერს, რომელიც ჩაჰბარდა 2006 წლის 28 ოქტომბერს (ს.ფ.132), მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არ გადაიხადა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მას სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. 2006 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორ მისამართზე გააგზავნა განჩინება. იგი ცხოვრობს არა ... ქ.¹2-ში, არამედ სულ სხვა მისამართზე და ამდენად, სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინება მას არ ჩაჰბარებია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. მ-ს სააპელაციო საჩივარში მითითებული აქვს ... ქ.¹2 და სააპელაციო სასამართლომ სწორად გააგზავნა ამ მისამართზე განჩინება. გარდა ამისა, თუ მან მისამართი შეიცვალა, ამის შესახებ უნდა ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნა სასამართლოში ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აპელანტის მიერ არ იყო შევსებული ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
ზ. მ-მ განცხადება წარმოადგინა უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა მორიგების აქტის დამტკიცება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული მორიგების აქტი არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მორიგების პირობებს. გარდა ამისა, შუამდგომლობას მორიგების შესახებ ხელს აწერს მხოლოდ ერთი მხარე – ზ. მ-ე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. მ-ის შუამდგუმლობა მორიგების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზ. მ-ის შუამდგომლობა მორიგების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.