ას-80-413-08 23 მარტი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ე. პ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ი-ო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ი-მ მოპასუხე ე. პ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხესთან (ყოფილ მეუღლესთან) საერთო საკუთრებაში არსებული ბინიდან 2/3 წილის გამოყოფა (ს.ფ. 1-2).
საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის სხდომაზე სარჩელის დაზუსტების შედეგად მ. ი-ს საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა ე. პ-ისათვის გასხვისებული (სადავო) ბინის საბაზრო ღირებულების 2/3 წილის ოდენობით თანხის, კერძოდ, 15 000 აშშ დოლარის დაკისრება (ს.ფ. 94-96).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ი-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე. პ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 6667 ლარის გადახდა დაეკისრა (ს.ფ. 99-105).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. პ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 109-117).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ე. პ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დასტურდებოდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აგვისტოს განჩინების ასლი, რომლითაც ე. პ-ს დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა, აპელანტს სამჯერ გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, თავად მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე და ვერ ჩაჰბარდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. 71-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება (გზავნილი) ჩაბარებულად ჩაითვლება. კანონის დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. პ-სათვის მის სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაგზავნილი გზავნილი საბოლოოდ მიიჩნეოდა ჩაბარებულად და აპელანტს შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომელთა თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. პ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 147-149).
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. პ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებულია სააპელაციო საჩივარში ე. პ-ის საცხოვრებელი ადგილის მისამართის არასწორად მითითებით. სააპელაციო საჩივრის შედგენისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა და აპელანტის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) აღნიშვნისას თემქის მე-11 მიკრორაიონის ნაცვლად მითითებულია თემქის მე-2 მიკრორაიონზე.
ე. პ-ი, რომელმაც ზემოაღნიშნული ცდომილების შესახებ არაფერი იცოდა, დარწმუნებული იყო, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილ ნებისმიერ დოკუმენტაციას მის ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე ჩაიბარებდა. ამასთან, იგი სააპელაციო საჩივრის მსვლელობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებდა იმ მიზეზით, რომ მძიმე ოჯახური მდგომარეობა (როგორც ფინანსური, ისე პირადი) ასეთ შესაძლებლობას არ აძლევდა (ს.ფ. 170).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. პ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ე. პ-ს მიეცა ვადა _ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღე _ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, იმ მოტივით, რომ აპელანტს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 186 ლარის ოდენობით (ს.ფ. 131-133). ხარვეზის შევსების შესახებ აღნიშნული განჩინება აპელანტს სამჯერ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში დასახელებულ მისამართზე _თბილისი, თემქა, მე-2 მ/რ, ...-ე კორპუსი, ბინა ¹... (ს.ფ. 134,137,141). სამივე შემთხვევაში სასამართლო გზავნილები სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა უკან. გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად პირველ შემთხვევაში მითითებულია მისამართის უსწორობასა და იმ გარემოებაზე, რომ თემქის დასახლებას მე-2 მ/რ არ აქვს, სხვა შემთხვევებში მითითებულია ადრესატის ადგილზე არყოფნა (ს.ფ. 135-136, 138-140, 142-143). ე. პ-ისათვის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ჩაბარება ასევე ვერ მოხერხდა საქმეში არსებულ სხვა მისამართზე _ თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ, კორპუსი ..., ბინა ... (ს.ფ. 145-146).
საქმის მასალებით, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოებით დგინდება, რომ მოსარჩელე მ. ი-მ მოპასუხე ე. პ-ის მისამართად თავდაპირველად მიუთითა: თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ, კორპუსი ..., ბინა ... (ს.ფ. 29). იმ მიზეზით, რომ ე. პ-ი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა, სასამართლო გზავნილის მისთვის ჩაბარება (არაერთხელ გაგზავნის მიუხედავად) ვერ მოხერხდა (ს.ფ. 43-44, 49). მოგვიანებით, მოსარჩელე მ. ი-მ დააზუსტა ე. პ-ის მისამართი და ასეთად დაასახელა: თბილისი, თემქის დასახლება, მე-11 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპუსი ¹..., ბინა ¹.... აქვე მ. ი-მ მიუთითა ე. პ-ის პირადი ტელეფონის ნომერი (ს.ფ. 54), რაც საჭიროების შემთხვევაში მოპასუხის ტელეფონის საშუალებით ინფორმირების შესაძლებლობას იძლეოდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხე ე. პ-ისათვის სასამართლო გზავნილების ჩაბარება შესაძლებელი გახდა სწორედ მ. ი-ს მიერ მითითებულ დაზუსტებულ მისამართზე _ თბილისი, თემქის დასახლება, მე-11 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპუსი ¹..., ბინა ¹... (ს.ფ. 58, 108).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. 73-ე მუხლის 11 ნაწილი ითვალისწინებს, რომ თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის შინაარსი, რომელიც უწყების ადრესატისათვის ჩაუბარებლობის პირობებში სასამართლოს მისთვის ცნობილ სხვა მისამართზე უწყების გაგზავნას ავალდებულებს, იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართში უწინარესად იგულისხმება ის მისამართი, რომელზეც სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარება მანამდე შესაძლებელი იყო. სხვაგვარად, სასამართლო უწყების (გზავნილის) დამატებით გაგზავნა აზრს დაკარგავს და არარეალურ მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში შედეგად მხარისათვის სასამართლო გზავნილის კვლავ ჩაუბარებლობას მივიღებთ.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ გზავნილი დამატებით გაგზავნილია ისევ იმ მისამართებზე, რომლებზეც ე. პ-ს კორესპონდენცია არ ბარდებოდა (თბილისი, თემქა, მე-2 მ/რ, ...-ე კორპუსი, ბინა ¹... და თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ, კორპუსი ..., ბინა ...), მაშინ როდესაც საქმეში არსებობდა სხვა მისამართზე _ თბილისი, თემქის დასახლება, მე-11 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპუსი ¹..., ბინა ¹... _ ე. პ-ისათვის სასამართლო შეტყობინებების ჩაბარების დასტური, რაზეც ზემოთ უკვე აღინიშნა. ამასთან, საქმეში მოიპოვებოდა ე. პ-ის ტელეფონის ნომერიც, რაც მისი ინფორმირების შესაძლებლობას ასევე იძლეოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა უზრუნველყოს ხარვეზის შესახებ განჩინების ე. პ-ისათვის გაგზავნა და ჩაბარება, რის შემდეგაც უნდა გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.