განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-808-1127-07 28 იანვარი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
დავის საგანი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის, 2003 წლის 27 იანვრისა და 2003 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების განსახილველად მიღება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. მ-ძემ 1999 წელს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე აჭარის არ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: იგი აღდგენილ იქნა წინანდელ სამუშაოზე აჭარის არ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საკონტროლო მეთოდური ქვეგანყოფილების გამომძიებლის თანამდებობაზე. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის სახით 1527,6 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა აჭარის არ შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აჭარის არ შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება. ნ. მ-ძეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენისა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე უსაფუძვლობის გამო; ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ნ. მ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 1 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ნ. მ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 17 იანვრის განჩინებით ნ. მ-ძის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ნ. მ-ძემ კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით
აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 30 მაისის განჩინებით ნ. მ-ძის განცხადებები საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.
ნ. მ-ძემ 2007 წლის 29 ივნისს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის, 2003 წლის 17 იანვრის და 2003 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობა და ახლად აღნიშნულ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. მან საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ 1999 წლის 25 მაისს გამოსცა §44 ბრძანება ზემოდ მოხსენებული სტრუქტურის ჩამოყალიბება-შექმნის შესახებ, სადაც სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ მოხსენებული არ არის მოსამართლე ეთერი კირჩხელი და საქმის განმხილველი მოსამართლეები – ი. ქ.-ე, თ. გ.-ე, რ. ბ.-ე, ნ. მ.-ე; ამიტომ მისი მოსაზრებით, იმ მოსამართლეებს, რომლებმაც განიხილეს ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარ-განცხადებები, კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ და განეხილათ საქმე, რის გამოც მის მიმართ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2007 წლის 12 მარტის ¹1991 წერილით ეცნობა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის არქივში არ არის დაცული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოზე გაგზავნილი წარდგინება კოლეგიების ან პალატების შექმნის და დაკომპლექტების მასალები.
განმცხადებლის მითითებით, ყოველივე აღნიშნული ნ. მ-ძისთვის ცნობილი გახდა 2007 წლის 7 ივნისს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით განცხადების ავტორს განემარტა განცხადების ხარვეზის შესახებ, კერძოდ განცხადებით არ ირკვეოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რომელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა განმცხადებელი, მხარეს განემარტა, რომ სასამართლო სამივე გადაწყვეტილებას ვერ ცნობდა ბათილად, მათ ვერ გააერთიანებდა ერთ წარმოებად და მხარეს უნდა მოეთხოვა მხოლოდ ერთი მათგანის ბათილად ცნობა. განცხადებაში არ იყო მითითება იმ გარემოებაზე და მტკიცებულებაზე, რომელიც მოწმობს, რომ დაცულია განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად; არ იყო წარმოდგენილი იმ გადაწყვეტილებათა ასლები, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდა განმცხადებელი, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და განცხადების ასლები არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც იყო საქმეში. ნ. მ-ძეს ხარვეზის შესავსებად მიეცა 7 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ნ. მ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა იმ საფუძვლით, რომ მას განჩინების ასლი არ ჰქონდა ჩაბარებული კანონით დადგენილი წესით.
2007 წლის 10 სექტემბერს ნ. მ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის გამოსწორების შესახებ და მიუთითა, რომ იგი ითხოვს სამივე გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ვინაიდან სამივე მათგანი ეხება პირადად მის ინტერესებს, წარმოადგინა სასამართლოს მიერ მოთხოვნილი გადაწყვეტილებების ასლები და აღნიშნა, რომ ვინაიდან არის ომის მონაწილე და ვეტერანი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ნ. მ-ძის განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის, 2003 წლის 17 იანვრის და 2003 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს მითითებულ მუხლში აღნიშნულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება; ამავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით კი სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ, თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას ტოვებს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ სრულად არ იქნა გამოსწორებული ხარვეზის შესახებ განჩინებაში მითითებული მოთხოვნები, კერძოდ ნ. მ-ძის მიერ არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და მის მიერ არ იქნა დაკონკრეტებული მოთხოვნა და განმცხადებელმა მოითხოვა ისევ სამივე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნ.მ-ძე არაა გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს. საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოცემული დავა არ განეკუთვნება ზემოთ მითითებული კანონის მოთხოვნათა დასაცავად წარმოებულ დავათა კატეგორიას, ამიტომ განმცხადებელი ვერ გაანთავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. მ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების თაობაზე მისი განცხადების განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი არის უსინათლო, I ჯგუფის ინვალიდი, ომის მონაწილე და სასამართლოს შეეძლო გაეთავისუფლებნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ითხოვს სამივე გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, მან განმარტა, რომ აღნიშნული არის მისი უფლება და ამის აკრძალვა სასამართლოს არ შეეძლო და ის საკითხი, თუ რამდენად კანონიერად ითხოვდა სამივე გადაწყვეტილების გაუქმებას უნდა გადაეწყვიტა სასამართლოს საქმის არსებითად განხილვის დროს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით განმცხადებელ ნ. მ-ძეს ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოსადგენად, მიეცა ვადა _ ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე (ს.ფ. 31-34). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აგვისტოს განჩინებით განმცხადებელ ნ. მ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან ათი დღის ვადით (ს.ფ. 37-38). ამ განჩინებაზე განცხადება შეიტანა ნ. მ-ძემ, სადაც მიუთითა, რომ იგი როგორც ინვალიდი და ომის ვეტერანი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ნ. მ-ძის განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის, 2003 წლის 17 იანვრის და 2003 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი (ს.ფ. 65-68).
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ რა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე სწორად დააკისრა განმცხადებელ ნ. მ-ძეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ იგი როგორც ომის მონაწილე და I ჯგუფის ინვალიდი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვერ იქნება მიჩნეული მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “რ” ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ვეტერანები, რომლებმაც “ომისა და შეირაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. მ-ძე სარჩელით მოითხოვს სამუშაოზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას, შესაბამისად მისი მოთხოვნა არ უკავშირდება “ომისა და შეირაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვას. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი როგორც I ჯფგუფის ინვალიდი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან მისი ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ნ. მ-ძემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა საქმის წარმოების განახლების შესახებ მისი განცხადება განუხილველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე ნ. მ-ძის განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.