¹ას-808-1172-06 30 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ტ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ე (მოპასუხე)
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ტ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. ც-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2004 წლის 20 აგვისტოს ც. ფ-გან შეიძინა საცხოვრებელი ბინა, სადაც ცხოვრობს ნ. ც-ე შვილებთან ერთად. მიუხედავად მისი არა ერთი მოთხოვნისა, იგი არ ათავისუფლებს მის კუთვნილ ბინას. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის ბინიდან გამოსახლება და თანხის დაკისრება ბინით სარგებლობისთვის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ა. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ც-ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ბინიდან. მასვე დაეკისრა ბინით სარგებლობისათვის 100 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის – 200 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების _ 250 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ც-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით ნ. ც-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 6 ოქტომბერს.
2006 წლის 3 ოქტომბერს ნ. ც-ის წარმომადგენელ ვ. გ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება. მან მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სადავო ბინასთან დაკავშირებით ბინის ყოფილი მესაკუთრე ც. ფ-ას მიერ შეტანილია სარჩელი აღნიშნული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ნ. ც-ის წარმომადგენელ ვ. გ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ა. ტ-ის წარმომადგენლებმა რ. ბ-ემ და თ. ჭ-ემ. მათ მიუთითეს, რომ ც. ფ-ა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოცემულ საქმეზე არ წარმოადგენს მხარეს. იგი არ არის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ა. ტ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შესახებ სარჩელის განხილვამდე შეუძლებელია განსახილველი საქმის განხილვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი «დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება ეძლევა «შეუძლებლობის” ცნებას, ანუ რა შემთხვევა შეიძლება ქმნიდეს ისეთ ობიქტურ სირთულეს, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. «შეუძლებლობა” წარმოადგენს ისეთ ობიექტურ სირთულეს ან დაბრკოლებას, რომელიც გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ისეთი გარემოებებს, რომლის დადგომა არის განპირობებული მართლმსაჯულების განხორციელების დამაბრკოლებელ ფაქტორებით. კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის საქალაქო სასამართლოში განხილვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განჩინებაში მოყვანილი გარემოება არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნეს მოცემული საქმის გამოკვლევის შეუძლებლობის განმაპირობებელ ობიექტურ სირთულედ ან დაბრკოლებად, რამდენადაც მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კანონმდებელი ასეთ სირთულედ მოიაზრებს მოცემული საქმის განხილვისათვის აუცილებელ ისეთ არსებით ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს, და ამდენად, პროცესუალურად შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ობიექტური გარემოებების საფუძველზე სხვა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით მას შემდეგში შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას.
ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ამ შემთხვევაში არ არსებობს განსახილველი ნორმით გათვალისწინებული საქმის განხილვის შეუძლებლობის მიზეზები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
a. ტ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.