ას-813-1132-07 29 ნოემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ხ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ხ-ი (მოპასუხე)
დავის საგანი _ სამკვიდრო ქონების გაყოფა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ხ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ს. ხ-ს მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
ს. ა-მა შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოპასუხე ლ. ხ-ს მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა.
ა. ხ-მა, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა და სამკვიდრო ქონების წილზე მემკვიდრედ ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ხ-ს მოთხოვნა და ცნობილ იქნა ქ. ა-ას მემკვიდრედ და მისი წილი განისაზღვრა ქ. ა-ას საკუთრებაში საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრებაში რიცხული ქონების (1/2-ის) 2/3-ით; იგი შესაბამისად ცნობილი იქნა ქ. ა-ას საკუთრებაში საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრებაში რიცხული ქონების 2/3-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; დაკმაყოფილდა ს. ხ-ს მოთხოვნა და იგი ცნობილ იქნა ქ. ა-ას საკუთრებაში საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრებაში რიცხული ქონების (1/2-ის) 1/3-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; არ დაკმაყოფილდა ა. ხ-ს მოთხოვნა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და ქ. ა-ას საკუთრებაში საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრებაში რიცხული ქონების (1/2-ის) 1/6 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ;
ლ. ხ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად; ამავე პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით ლ. ხ-ს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში დავის საგნის ფასის განსაზღვრა და შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდა მის მიერ უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ლ. ხ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო; ლ.ხ-ს დაუბრუნდა მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მოცემული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ხ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ლ. ხ-ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ხ-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ლ. ხ-ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 184-185). აღნიშნული განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ზემოაღნიშნული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს და მის წარმომადგენლებს (ს.ფ. 186; 188; 190), რაც ლ. ხ-ს ჩაბარდა პირადად 2007 წლის 7 ნოემბერს (ს.ფ. 187). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინათ 2007 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, ლ. ხ-ს განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ხ-ს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ხ-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.