Facebook Twitter

¹ას-813-1177-06 5 აპრილი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ე. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 8 ოქტომბერს ე. კ-მ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. კ-ის მიმართ და მოითხოვა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან წილის გამოყოფა საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხე ა. კ-ის შუამდგომლობის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, ე. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ე. კ-ს მიეკუთვნა დუშეთის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე ა. კ-ის სახელზე რიცხული 1280 კვ. მიწის ნაკვეთი და მცხეთის რაიონის სოფელ დ-ში ე.წ. “ჩ-ში” ა. კ-ის სახელზე რიცხული 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი. საჯარო რეესტრში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის საოლქო საამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი, კანონით დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად. ხოლო ე. კ-ის სააპელაციო საჩივარი ამავე პალატის 2006 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 22 ოქტობრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩვირა ა. კ-მ.

2005 წლის 16 თებერვლის თბილისის საოლქო სასამართლოს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ა. კ-ის შუამდგომლობა კერძო საჩივრის უზენაეს სასამართლოში გადაგზავნის შესახებ და ე. კ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა საქმის უკან დაბრუნებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 10 მარტის განჩინებით ა. კ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის პირველი მაისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება ე. კ-ის სააპელაციო საჩივარზე.

2006 წლის 25 ოქტომბერს ა. კ-მ განმეორებითი სააპელაციო საჩივარი შეიტანა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ა.კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. კ-მ იმ მოტივით, რომ მან დადგენილ ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ უნდა მიჩნეულიყო შეგებებულ სააპელაციო საჩივრად, რადგან იგი შეიტანა ე. კ-ის სააპელაციო საჩივრის გაცნობის შემდგომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება ა. კ-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა 2004 წლის 22 ივნისს, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. ასევე დადგენილია, რომ 2006 წლის 25 ოქტომბერს ა. კ-მ კვლავ შეიტანა სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომელიც გამოტანილია ა. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ხელმეორედ სასამართლოსათვის მიმართვა სააპელაციო საჩივრით იმავე გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით დაუშვებელია. ამდენად, სააპლაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ სწორად იქნა მიჩნეული დაუშვებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ამ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.