Facebook Twitter

ას-814-1133-07 31 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ზ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ... ფონდი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა „... ფონდმა“ მოპასუხე მ. ზ-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება ფონდის კუთვნილი ბინიდან. მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მიწისძვრამდე მოქალაქე მ. ზ-ი ცხოვრობდა ... ქ. ¹15-ში, რომლის მესაკუთრესაც იგი არ წარმოადგენდა და ქ.თბილისში რეგისტრირებულია მისამართის გარეშე. მას არ გააჩნია საკუთრების უფლება ქ.თბილისში რაიმე უძრავ ქონებაზე, რის გამოც ფონდი მას ვერ ცნობს დესტინატერად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის გამოსახლებას ფონდის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან მდებარე ... დასახლების I მ/რ-ის I კორპუსის ბინა ¹...-დან.

მოპასუხე მხარემ არ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ უკვე 4 წელია ცხოვრობს დასახელებულ ბინაში, რომელიც თვითნებურად არ დაუკავებია და ამისათვის გააჩნდა თანხმობა ქ.თბილისის ყოფილი მერისგან, ასევე ფონდის ყოფილი ხელმძღვანელობისაგან.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2007 წლის 15 მარტს გამართულ მთავარ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მ. ზ-ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის საოქმო განჩინებით გაუქმდა მითითებული 2007 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა წარმოება.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მედეა ორთოიძემ მხარი დაუჭირა სარჩელს, ამასთან განმარტა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია დასახელებული ბინის ფლობისათვის რაიმე საფუძველი, იგი არ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა არსებობაც აუცილებელია მიწისძვრით დაზარალებულ პირად ცნობისათვის და ამდენად, მ. ზ-ი უკანონოდ ფლობს აღნიშნულ ბინას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განჩინებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა – “... ფონდმა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ზ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ. ზ-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მედეა ზ-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 4 ოქტომბერს. მან კერძო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 17 ოქტომბერს. განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2007 წლის 16 ოქტომბერს, ე.ი. კერძო საჩივარი შეტანილია 1 დღის დაგვიანებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი შეტანილია კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 12 -დღიანი ვადის გასვლით, რის გამოც კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ზ-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.