ას-81-427-07 26 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ვ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “საქართველოს ს...” და სს “საქართველოს გ...” (მოპასუხეები)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ვ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების შპს “საქართველოს ს...ისა” და სს “საქართველოს გ...ის” მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ 1993 წლის 24 მაისს მის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში გამავალმა მაღალი ძაბვის სადენმა იმსხვერპლა მისი მეუღლე შ. ვ-ე. მარჩენალის გარდაცვალების გამო მის ოჯახს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი. მოსარჩელემ მოითხოვა ასევე სარჩოს სახით ყოველთვიურად 180 ლარის დაკისრება.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით გ. ვ-ის სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. ვ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 4 აპრილს აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი; ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
გ. ვ-მ საჩივარი შეიტანა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა ამავე პალატის 2006 წლის 4 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა; საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 15 დეკემბერს 12.00 საათზე; მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სხდომის დღე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელ პირს და მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებები ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც სასამართლოსთვის უცნობებიათ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.
გ. ვ-მ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მართალია მისთვის ცნობილი იყო სხდომის დღის შესახებ, მაგრამ ვერ მოახერხა გამოცხადება ავადმყოფობის გამო. არ იცოდა რომ საჭირო იყო ამის შესახებ ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (ს.ფ. 138-140).
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2006 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა სააპელაციო საჩივრის ავტორი გ. ვ-ე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ც. ჩ-მა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ს.ფ. 134-135). საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილი. ამ ნორმის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თვით გ. ვ-ე არ უარყოფს მისთვის სასამართლოს სხდომის შესახებ უწყების ჩაბარებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. მაგრამ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა სხდომაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობას. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობა გ. ვ-ის 2006 წლის 15 დეკემბრიდან 2007 წლის 8 იანვრამდე ავადმყოფობის შესახებ, დიაგნოზით - ჰერპეს-ზოსტერი, ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან ამ ცნობით არ დასტურდება მისი სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს გ. ვ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.