Facebook Twitter

¹ას-815-1134-07 D 20 დეკემბერი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ტ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ამხანაგობა “-- -- --”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ს, მ. რ-ს და თ. ა-ის სარჩელი მოპასუხე _ ამხანაგობა “-- -- --”-ის მიმართ შენობა-ნაგებობების დანგრევის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით ნ. ტ-ს, მ. რ-ს და თ. ა-ს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 12800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

2007 წლის 31 მაისს ნ. ტ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულმა პირმა, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი ივნისის განჩინებით ნ. ტ-ს განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ტ-ს, მ. რ-სა და თ. ა-ს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით აღნიშნული მოწმობისა და სსკ-ის 440-ე მუხლის თანახმად, ნ. ტ-ს, როგორც თ. ა-სა და მ. რ-ს წარმომადგენლის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად.

2007 წლის 12 ივლისს ნ. ტ-მა, მ. რ-მა და თ. ა-მ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნეს, რომ მათ ვერ მოახერხეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის წარმოდგენა სასამართლოში, ვინაიდან განაცხადი აღნიშნულის თაობაზე შეტანილი აქვთ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ გამგეობაში და რეორგანიზაციის გამო მათ დღემდე პასუხი არ მოსვლიათ, შესაბამისად, აპელანტებმა მოითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ორი კვირით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინებით აპელანტების: ნ. ტ-ს, მ. რ-სა და თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისათვის დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის აღება მათ მხოლოდ 2007 წლის 21 სექტემბერს მიიღეს, მაშინ, როდესაც განაცხადი აღნიშნულის თაობაზე შეიტანეს 2007 წლის 18 მაისს, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა ვადაში წარმოედგინათ იგი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით ნ. ტ-ს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო მ. რ-სა და თ. ა-ის კერძო საჩივარი დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. ტ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ტ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2007 წლის 21 მაისს(ს.ფ. 200). სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2007 წლის 31 მაისს ნ. ტ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება, როგორც სოციალურად დაუცველმა პირმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის პირველი ივნისის განჩინებით ნ. ტ-ს 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის წარმოსადგენად.

აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. (ს.ფ.215-217). სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტება იმის თაობაზე, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის აღება მხოლოდ 2007 წლის 21 სექტემბერს შეძლო და, შესაბამისად, არ ჰქონდა შესაძლებლობა ვადაში წარმოედგინა იგი, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული მოწმობის წარმოსადგენად ვადა გაუგრძელდა, თუმცა მან არც ამ ვადაში არ შეავსეო ხარვეზი, ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოწმობის მისაღებად განაცხადი მხოლოდ მას შემდეგ შეიტანა, რაც სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ტ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.