ას-817-1181-06 1 მარტი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 15 ნოემბერს მ. ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ. ს-ის მიმართ და მიუთითა, რომ მოპასუხესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც შეეძინათ შვილი გ. ს-ე, დაბადებული 2005 წლის 4 აპრილს. ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე, დაძაბული ურთიერთობის გამო, მეუღლეები ერთმანეთს დასცილდნენ. ვინაიდან დღესდღეობით არ მუშაობს და მარტოს უწევს შვილის აღზრდა, მოსარჩელე მ. ბ-მა მოითხოვა შვილის, _ 2005 წლის 4 აპრილს დაბადებული, _ გ. ს-ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება შემოსავლის 30%-ის ოდენობით.
მოპასუხე მ. ს-მ, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მოითხოვა შვილთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა, მისთვის თავისუფალ დღეს, დღის საათებში.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე მოსარჩელე მ. ბ-ის წარმომადგენელმა ი. გ-მ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება 600 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ს-ს არასრულწლოვანი შვილის _ გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით სრულწლოვანებამდე. ასევე დაკმაყოფილდა მ. ს-ის შეგებებული სარჩელი, რომელსაც განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი მისი მონახულებისა და წაყვანის უფლებით გამოსასვლელ დღეებში, დილის 1000 საათიდან საღამოს 2200 საათამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მ. ბ-მა ასევე მ. ს-მ.
მ. ბ-ის წარმომადგენელმა ი. გ-მ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ მოპასუხე მუშაობს “ .. .. ..” და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 1850 ლარს. მოსარჩელე არ მუშაობს და ვერც შეძლებს მუშაობას, რადგან დაკავებულია შვილის აღზრდით, ხოლო ძიძის ასაყვანად საჭირო შემოსავალი არ გააჩნია. აღნიშნულის გამო, მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 700 ლარის დაკისრება.
მოპასუხე მ. ს-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ალიმენტის სახით, ნაცვლად 250 ლარისა, 100 ლარის დაკისრება იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ იმსჯელა და, შესაბამისად, არც დაადგინა მისი რელაური მატერიალური მდგომარეობა, ასევე არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლზე, რადგან იგი ეხება შვილების მიმართ მშობლების თანაბარ უფლებებს იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი განქორწინებულები არიან, ხოლო მოსარჩელესთან არათუ რეგისტრირებულ, არამედ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშიც კი არ ყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით გასაჩივრებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, მ. ს-ს 2005 წლის 4 აპრილს დაბადებული შვილის _ გ. ს-ის სასარგებლოდ, მის სრულწლოვანებამდე, დაეკისრა ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით, ხოლო მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2006 წლის 15 ნოემბერს მ. ბ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, კერძოდ, მოითხოვა განმარტება იმის შესახებ, თუ რომელი რიცხვიდან უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს ალიმენტის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი განიმარტა იმგვარად, რომ მ. ს-ს არასრულწლოვანი შვილის _ 2005 წლის 4 აპრილს დაბადებული გ. ს-ის სასარგებლოდ, მის სრულწლოვანებამდე, დაეკისრა ალიმენტის გადახდა მ. ბ-ის მიერ სარჩელის შეტანის დღიდან, 2005 წლის 15 ნოემბრიდან.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-მა და მოითხოვა მ. ს-სათვის ალიმენტის დაკისრება 2005 წლის 4 აპრილიდან, ბავშვის დაბადების მომენტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა მ. ბ-ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ბუნდოვანია იმდენად, რომ მასში არაა მითითებული, თუ რა დროიდან დაეკისრა მ. ს-ს ალიმენტის გადახდა და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელს განჩინებით განუმარტა, რომ მოპასუხე მ. ს-ს უნდა დაკისრებოდა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელის შეტანის დღიდან, 2005 წლის 15 ნოემბრიდან.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს იმგვარად უნდა განემარტა გადაწყვეტილება, რომ მ. ს-ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა დაკისრებოდა ბავშვის დაბადების მომენტიდან, 2005 წლის 4 აპრილიდან და არა 2005 წლის 15 ნოემბრიდან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ არც საქალაქო სასამართლოსა და არც სააპელაციო სასამართლოში, კერძო საჩივრის ავტორს სარჩელით აღნიშნულის შესახებ მოთხოვნა არ დაუყენებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებისას, სწორად მიუთითა ალიმენტის დაკისრების თარიღად სარჩელის წარდგენის დრო 2005 წლის 15 ნოემბერი და, შესაბამისად, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინება კანონიერია ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.