Facebook Twitter

ას-819-1105-09 16 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ა-შვილი ( მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-შვილი ( მოპასუხე. მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორი მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. ა-შვილმა და მოითხოვა მ. მ-შვილსა და სს „ინოვაციას“ შორის 2000 წლის 11 ივლისს ქ.წნორში, ... ქ.¹3-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება. თავის მხრივ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა მ. მ-შვილმა მოპასუხეებად მიუთითა ზ. ა-შვილი და გ. ნ-შვილი, ხოლო მესამე პირებად სიღნაღის ტექაღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლე-სიღნაღის საჯარო რეესტრი და სიღნაღის რაიონის ნოტარიუსი და განმარტა, რომ სადავო ფართი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეკუთვნოდა სს „ინოვაციას“, სწორედ მისგან შეიძინა იგი არ არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ა-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მ. მ-შვილსა და სს „ინოვაციას“ შორის 2000 წლის 11 ივლისს ქ.წნორში, ... ქ.¹3-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; მ. მ-შვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფლდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-შვილმა და მოითხოვა მისის გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი, რომლითაც მთლიანად გაუქმდა მ. მ-შვილსა და სს „ინოვაციას“ შორის 2000 წლის 11 ივლისს, ქ.წნორში, ... ქ.¹3-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობვის ხელშეკრულება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ა-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მ. მ-შვილსა და სს „ინოვაციას“ შორის 2000 წლის 11 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.წნორში, ... ქ.¹3-ში მდებარე უძრავი ქონების, დამხმარე ფართის (სარდაფის) 140 კვ.მ-ის ნასყიდობის ნაწილში; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. მ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით მ. მ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა.

განმცხადებლის განმარტებით, საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მასსა და სს „ინოვაციას“ შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარდაფი მიეკუთვნა ზ. ა-შვილს, ხოლო დანარჩენი ფართი დარჩა ჰაერში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება, მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2008 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ბუნდოვნად არის მითითებული და მისთვის გუგებარია სადავო მაღაზიის რა ფართი მიეკუთვნა მას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული სახით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 08 დეკემბრის გადწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ შეცვლიდა დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს და იგი ხელს შეუწყობდა მის აღსრულებას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტი უნდა განმარტებულიყო ამგვარად ,,გაუქმდეს მ. მ-შვილსა და სს „ინოვაციას“ შორის 2000 წლის 11 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.წნორში, ... ქ.¹3-ში მდებარე უძრავი ქონების, დამხმარე ფართის (სარდაფის) 140 კვ.მ-ის ნასყიდობის ნაწილში, ხოლო დამხმარე ფართის (სარდაფის) დანარჩენ, (ანუ 204-140=64 კვ.მ-ის) ნაწილში ნასყიდობის ხელშეკრულება დარჩეს ძალაში.”

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ა-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივერებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ იმგვარად განმარტა თავისივე მიღებული გადაწყვეტილება, თითქოს სადავო იყო სარდაფის ნაწილი და 12 წლის წინ მოსარჩელეს შეძენილი ჰქონდა ნახევარი სარდაფი. კერძო საჩვრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული სარდაფი 3 მეტრის სიღრმეზეა მიწაში და არის ერთი მთლიანი სივრცე, რაც არასდროს არ ყოფილა გაყოფილი და აქვს მხოლოდ ერთი ჩასასვლელი და მისი დაზუსტებული ფართი არის 200 კვ.მ. რომლის მესაკუთრედაც აღრიცხულია ზ.ა-შვილი. აღნიშნული ფაქტი ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოსთვის და შესაბამისად 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების წარმოდგენილი საXიტ განმარტება არის უკანონო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმგვარად განმარტება, რომ ამოღებული იქნეს, ,,140 კვმ-ის” ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლოს აღმასრულებლის განცხადებით გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განიმარტა შემდეგნაირად: ,,გაუქმდეს მ. მ-შვილსა და სს „ინოვაციას“ შორის 2000 წლის 11 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.წნორში, ... ქ.¹3-ში მდებარე უძრავი ქონების, დამხმარე ფართის (სარდაფის) 140 კვ.მ-ის ნასყიდობის ნაწილში, ხოლო დამხმარე ფართის (სარდაფის) დანარჩენ, (ანუ 204-140=64 კვ.მ-ის) ნაწილში ნასყიდობის ხელშეკრულება დარჩეს ძალაში.”მოცემულ შემთხვევაში

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სადავო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების განმარტების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილების განმარტებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს რამდენიმე პირობა, კერძოდ: გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა იყოს ბუნდოვანი, რაც თავის მხრივ აფერხებს აღსრულების პროცესს და ამასთან გადაწყვეტილების უნდა განიმარტოს ისე, რომ არ მოხდეს განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეცვლა.

ზემოთ მითითებული სამართლებრივი წანამძღვრების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ თბილისის სააპელაციო სსამართლოს 2009 წლის 23 ივლისის განჩინებიდან უნდა ამოღებულ იქნეს ,,140კვ.მ”, რადგან იგი წარმოადგენს მთლიანად სარდაფის და არა სარდაფის ნაწილის მესკუთრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრვ საფუძველს, ვინაიდან, 2008 წლის 11 ივნისის გდაწყვეტილებით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაბათილება მოხდა დამხმარე ფართის (სარდაფის) სწორედ 140კვმ-ის ნასყიდობის ნაწილში, რითაც იხელმძღვანელა შემდგომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების განმარტებისას. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ა-შვილისთვის იმთავითვე ცნობილი იყო ის გარემოება, რომ სასამართლომ სადავო ნასყიდობის ხელსეკრულება გააბათილა სარდაფის ზემოაღნიშნული ფართის ნაწილში და თუ აღნიშნულს არ იზიარებდა კერძო საჩივრის ავტორი, მას შეეძლო ეს გარემოება სადავოდ გაეხადა და გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა საკასაციო წესით, რაც მას არ განუხორციელებია. გადაწყვეტილების ისეთი სახით განმარტება კი, რაზეც მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორი ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების განმარტებისათვის კანონით წაყენებულ მოთხოვნებს, რამეთუ მიზნად ისახავს განსამარტი გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ა-შვილის კერძოს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინება

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.