განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-821-1138-07 16 იანვარი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ი-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-შვილი, ნ. მ-შვილი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს ლ. ს-შვილმა და ნ. მ-შვილმა მოპასუხეების - ნ. ი-შვილისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 აგვისტოს განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ნ. ი-შვილის კუთვნილ იპოთეკით დატვირთულ ქ. თბილისში, გ-ს ქ. ¹.-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად დარჩენილ 13500 ლარს, რომელიც ირიცხებოდა ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 2002 წლის 5 დეკემბერს ლ. ს-შვილს, ნ. მ-შვილსა და ნ. ი-შვილს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ. ი-შვილმა ნ. მ-შვილისაგან ისესხა 1200 აშშ დოლარი, ხოლო ნ. ს-შვილისაგან 2300 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 3 თვის ვადით, ყოველთვიური 2%-ის დარიცხვით. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულებით, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ. ს-შვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები ¹1 და ¹2, ხოლო ქ.თბილისში, გ-ს ქ. ¹..-ში მდებარე ¹3 ნაგებობა უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. 2003 წლის 9 ივნისს ნ. ი-შვილმა ნ. მ-შვილს გადასცა 170 აშშ დოლარი, ხოლო ნ. ს-შვილს 330 აშშ დოლარი, 2003 წლის 11 ნოემბერს კი - 50 აშშ დოლარი.
იპოთეკის საგანი, მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, მდებარე გ-ს ქ. ¹..-ში, დატვირთული იყო იპოთეკით კრედიტორ ივანე ჭაიას სესხის უზრუნველსაყოფად. 2004 წლის 23 დეკემბრის ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარდა იძულებითი აუქციონი, ნ. ი-შვილის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მიზნით, პირველი რიგის იპოთეკარის - ი. ჭაიას მოთხოვნით. უძრავი ქონება აუქციონზე გაიყიდა 25000 ლარად. პირველი რიგის იპოთეკარის დაკმაყოფილების შემდეგ ზემოაღნიშნული ქონება იპოთეკით დაიტვირთა ორჯერ და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 290-ე მუხლის თანახმად, რიგითობა დაცული იყო. გამომდინარე იქიდან, რომ იპოთეკის საგანი უკვე რეალიზებულია პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა უნდა განაწილებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად, ანუ დეპოზიტზე დარჩენილი თანხით ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს მეორე იპოთეკარი, ხოლო ნაშთი გადაეცეს უძრავი ქონების მესაკუთრეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნაა: 1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 290-ე, 308-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე ნათელა ს-შვილს ლ. ს-შვილისა და ნ. მ-შვილის სასარგებლოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს სესხის - 3160 აშშ დოლარის გადახდა; 2. ნ. ს-შვილს მოსარჩელეების სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 3460 აშშ დოლარი, მთლიანობაში კი 6620 აშშ დოლარი, რაც სარჩელის სასამართლოსათვის მიმართვის მომენტში შეადგენდა 12 114 ლარს; 3. ვალის გადახდა მოხდეს ნ. ი-შვილის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან; 4. დაევალოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, არ გასცეს ნ. ი-შვილის სახელზე 13500 ლარი, რომელიც ამოღებულ იქნა ნ. ი-შვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობებით იძულებითი რეალიზაციის შედეგად.
2006 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო საქმეზე ¹2\5993-06 შეწყდა საქმის წარმოება თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე ამ ნაწილში უარის თქმის გამო.
2006 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო.
დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ს-შვილისა და ნ. მ-შვილის სარჩელი მოპასუხე ნ. ი-შვილის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. ი-შვილს მოსარჩელეების - ლ. ს-შვილისა და ნ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 6620 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 151 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ. ი-შვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განჩინებით ნ. ი-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ი-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განჩინებით ნ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ი-შვილმა. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განჩინება არ ჩაჰბარებია და სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ნ. ი-შვილის კერძო საჩივრის განხილვის შედეგად თვლის, რომ ნ. ი-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განჩინებით ნ. ი-შვილს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ.117-118). ნ. ი-შვილს აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე _ თბილისში, გ-ს ქ. ¹..-ში. სასამართლოში დაბრუნდა შეტყობინება, რომ აღნიშნულ მისამართზე ნ. ი-შვილი არ ცხოვრობს. თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ნ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა ნ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რომ არ გაარკვია მართლა ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე აპელანტი თუ არა. მართალია, შეტყობინებაში მითითებულია, რომ მეზობლების ახსნა-განმარტებით, ნ. ი-შვილი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს, მაგრამ შემდეგში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას სასამართლოს გზავნილები ეგზავნებოდა აღნიშნულ მისამართზე. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამარლო დაკმაყოფილდა კურიერის ცნობით, სადაც მითითებულია, რომ იგი რამდენჯერმე მივიდა ნ. ი-შვილის მიერ მითითებულ მისამართზე და მეზობლებმა მას განუცხადეს, რომ ნ. ი-შვილი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, თუმცა მათი სახელი და გვარი მითითებული არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ აქტით არ შეიძლება დადასტურდეს კურიერის მიერ უწყების არაერთხელ ჩაბარება, რადგან ამ შემთხვევაში კურიერს უნდა შეედგინა კონკრტულ დღეს მიტანილი უწყების ჩაბარების შესახებ აქტი, რაც საქმეში არ მოიპოვება. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ არ შეამოწმა და არ დარწმუნდა სასამართლო გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ნ. ი-შვილის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განჩინების ჩაბარების ფაქტი, რის გამოც უნდა გაუქმდეს საააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე და 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ი-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე დასაშვებობის შესამოწმებლად გადაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.