Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-823-1140-07 4 თებერვალი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ს-აძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ წყალტუბოს რაიონის ვარციხჰესების საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – სადეკრეტო დავალიანებისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-აძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში წყალტუბოს რაიონის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მიმართ სადეკრეტო დავალიანების _ 283 ლარისა და მატერიალური ზიანის _ 500 ლარის ანაზღაურების შესახებ.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ს-აძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, წყალტუბოს რაიონის ვარციხჰესების საჯარო სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2005 წლის 18 ივლისიდან 21 ნოემბრამდე სადეკრეტო დავალიანების _ 283 ლარის გადახდა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტიელბის ასლი ნ. ს-აძემ პირადად ჩაიბარა 2007 წლის 24 აპრილს და ამავე წლის 2 ივლისს გაასაჩივრა იგი სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ნ. ს-აძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტს ჩაბარდა 2007 წლის 24 აპრილს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2007 წლის 2 ივლისს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწნებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა დაარღვია, რაც, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ს-აძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა განუხილველი კერძო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივარი, რომ არ შეაფასა ნ.ს-ძის მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა. აღნიშნული დოკუმენტით კი დასტურდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი დაგვიანებით შეიტანა ობიექტური მიზეზის არსებობის _ თავისი ავადმყოფობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ნ. ს-აძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხარის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან მხოლოდ 14 დღის განმავლობაში.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ.ს-აძეს ჩაბარდა 2007 წლის 24 აპრილს და სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა _ 2007 წლის 2 ივლისს.

ამდენად, ნ.ს-აძე სააპელაციო საჩივრის ზემოხსენებული ნორმით დადგენილი ვადის დარღვევით შეტანის ფაქტს სადავოდ არ ხდის.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ნ.ს-აძემ სათანადო მტკიცებულებით _ ავადმყოფობის ცნობით დაადასტურა სადავო ვადის ობიექტური მიზეზით დარღვევა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მისი სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ეცნო, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის ვადის აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ.ს-აძის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.