¹ას-824-1141--07 19 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს “ს...ის” სამართალმემკვიდრე სს ,,ე...” (მოპასუხე)
წარმომადგენელი – კახაბერ შავგულიძე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ა-მ-ი, ზ. მ-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-ა-მ-მა და ზ. მ-მა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხედ დაასახელეს სს „ს...ა“ და მოითხოვეს მოპასუხეზე 3360 ლარის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე სს „ს...ს“ დაეკისრა 1359 ლარი მ. ა-ს სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სს „ს...მ“ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სს „ს...ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რომელიც სასამართლო სხდომის დროის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, „ს...ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა „ს...ის“ სამართალმონაცვლის წარმომადგენელმა კ. შ-მ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვერ მოახერხა პროცესზე დროულად გამოცხადება, რაც გამოწვეული იყო ობიექტური და მისგან დამოუკიდებელი გარემოებებით, რამაც შეუძლებელი გახადა მისი დროულად გამოცხდება. კერძოდ: მისი განმარტებით იგი მ.წ. 27 სექტემბრის დილით საკუთარ ა/მანქანით მოძრაობდა ზესტაფონი - ქუთაისის მიმართულებით, სოფელ არგვეთის ე.წ. კოხრის უბნის ტერიტორიაზე იგრძნო ა/მანქანაზე სიჩქარის ვარდნა. დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინა, რომ გაწყვეტილი იყო მთავარი ღვედი, რომლის შეცვლა საჭიროებდა სათადარიგო ღვედსა და ა/მანქაენის ავტო-სარემონტო სახელოსნომდე ბუქსირის საშუალებით გადაადგილება, რის გამოც ტელეფონით გამოიძახა ზესტაფონიდან ტაქსი, ტაქსის - მ/მანქანა გაზ-24 სახ. ¹ ... - მძღოლი თ. კ-ე მივიდა დაახლოვებით ნახევარ საათში, ჩაუბა ბუქსირი და მანქანა მიაგორეს უახლოეს სატრანსპორტო სარემონტო საწარმომდე შპს „ვ...ე“, სადაც მანქანის დაშლის დაჩქარების მიზნით დარჩა ზ.ჩ-ე, ხოლო თავად დაელოდა გამვლელ სამარშუტო ტაქსს, რადგანაც ჩქარობდა ქუთასის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში გასამართ სასამართლოს სხდომებზე. სამწუხაროდ ვერ მოასწრო სააპელაციო სასამართლოში 12 საათზე დანიშნულ სხდომაზე. ამასთან ვერანაირად მოახერხა დაკავშირებოდა სატელეფონო საშუალებით და ეუწყებინა აღნიშნულის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შპს „ვ...ს“ დირექტორის ო.მ-ის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მ.წ. 27 სექტემბრის დილით მისი კუთვნილი ა/მანქანის დაზიანებისა და შეკეთების სინამდვილე. მისი თანამგზავრის ზ. ჩ-ის ხელწერილი, რომლითაც დასტურდება აღნიშნული ფაქტის რეალობა.
კერძო საჩივრის ავტორმა ასევე წარმოადგინა საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ლ. რ-ის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹1-3/736 ბრძანება საწარმოთა შეწყმის თაობაზე, რომელიც დგინდება სს „ე...ს“ სამართალმონაცვლეობის ფაქტი.
კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო სს “ს...ის” სამართალმონაცვლე სს ,,ე...ის წარმომადგენლის კ. შ-ის მიერ წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესებით დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისას. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში 2007 წლის 27 სექტემბერს დანიშნული სხდომის შესახებ ცნობილი იყო ორივე მხარისათვის.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ 27 სექტემბერს დილით საკუთარ ა/მანქანით მოძრაობდა ზესტაფონი - ქუთაისის მიმართულებით, სოფელ არგვეთის ტერიტორიაზე იგრძნო ა/მანქანაზე სიჩქარის ვარდნა. დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინა, რომ გაწყვეტილი იყო მთავარი ღვედი, რომლის შეცვლა საჭიროებდა სათადარიგო ღვედსა და ა/მანქანის ავტო-სარემონტო სახელოსნომდე ბუქსირის საშუალებით გადაადგილებას, რის გამოც ტელეფონით გამოიძახა ზესტაფონიდან ტაქსი, ტაქსის - მ/მანქანა გაზ-24 სახ. ¹ ... - მძღოლი თ. კ-ე მივიდა დაახლოვებით ნახევარ საათში, ჩაუბა ბუქსირი და მანქანა მიაგორეს უახლოეს სატრანსპორტო სარემონტო საწარმომდე შპს „ვ...მდე“, სადაც მანქანის დაშლის დაჩქარების მიზნით დარჩა ზ. ჩ-ე, ხოლო თავად დაელოდა გამვლელ სამარშუტო ტაქსს, რადგანაც ჩქარობდა ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში გასამართ სასამართლოს სხდომებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 და 241-ე მუხლების შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებანი არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ საპატიო მიზეზად, რომლის შესახებაც მას არ შეეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო მისი პროცესზე გამოუცხადელობის მიზეზებზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, ხოლო რაიმე მტკიცებულება აცნობა თუ არა მან სასამართლოს გამოუცხადებლობის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მხარეს არ წარმოუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სს “ს...ის” სამართალმემკვიდრე სს ,,ე...ის წარმომადგენლის კ. შ-ის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ს...ის” სამართალმემკვიდრე სს ,,ე...ის წარმომადგენლის კ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.