Facebook Twitter

ას-824-1187-06 23 ივლისი,2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალ.ნი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ. ქ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი _ თანხის გადახდა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-მა 2006 წლის მარტში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ლ. მ-ი-ქ-ს, შ. და თ. ქ-ების მიმართ და მოითხოვა მათთვის 3000 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მან 2005 წლის 1 თებერვალს 3000 ლარის ღირებულების ვაშლი მიყიდა მოპასუხეებს, მაგრამ მათ დათქმულ ვადაში არ გადაუხადეს ამ ვაშლის ღირებულება.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ. ქ-ს, თ. ქ-სა და ლ. მ-ლ-ქ-ს დაეკისრათ გ. გ-ს სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს თ. და შ. ქ-ებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინებით თ. და შ. ქ-ებს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და შ. ქ-ს მიერ შესრულებული ხელმოწერით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარსადგენად განესაზღვრათ 15 დღის ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით თ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

სააპელაციო პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა იმის გამო, რომ მან სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში სააპელაციო სასამართლოს არ წარუდგინა მის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი.

შ. ქ-მა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და თავისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. მისი კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მან სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ სააპელაციო საჩივარზე ხელმოწერა დაავიწყდა იმის გამო, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო გულმავიწყობა დასჩემდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, შ. ქ-ს კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ს.ფ. 38-ზე წარმოდგენილ თ. და შ. ქ-ების სააპელაციო საჩივარი არ არის ხელმოწერილი შ. ქ-ის მიერ. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან ერთად შ. ქ-ს აღნიშნული ხარვეზის შესავსებად განუსაზღვრა 15 დღიანი ვადა (ს.ფ. 42-44). სააპელაციო პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ შ. ქ-ს ჩაბარდა 2006 წლის 5 ოქტომბერს (ს.ფ. 47), მაგრამ მას სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ გამოუსწორებია ხარვეზი და სასამართლოსთვის არ წარუდგენია მის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შ. ქ-ს კერძო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასჩემდა გულმავიწყობა და სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ წარადგინა ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქაწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.

ვინაიდან შ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით და იგი არ არის ხელმოწერილი მის მიერ, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ შ. ქ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სწორად გამოიყენა იმავე მუხლის მეხუთე ნაწილი. ამ ნორმის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება შ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.