Facebook Twitter

ას-825-1188-06 29 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. თ-ეE (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – იმერეთის ს.ბ..... , ვანის .. .. (მოპასუხე)

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 25 აპრილს ვანის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ. თ-მ და აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ვანის ... ბაზრის აუქციონის წესით გაყიდვის თაობაზე. მან მისი მეგობრის – რ. მ-ის დახმარებით ... ბანკში შეიტანა ვანის ბაზრის ღირებულების თანხა 23000 ლარი, შემდეგ კი შეიტყო რომ, მართალია, აუქციონი გამოცხადდა, მაგრამ არ ჩატარებულა. ვინაიდან თანხა გადახდილი ჰქონდა, მოითხოვა ან ამ თანხის დაბრუნება ან ბაზრის მესაკუთრედ ცნობა, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ მისცეს.

ვანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, 2001 წლის 31 დეკემბრის ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი თანხა 23000 (ოცდასამი ათასი) ლარი ზ. თ-ს ჩაეთვალა ბაზრის შესაძენად შეტანილ თანხად და იგი ცნობილ იქნა ვანის ... ბაზრის მესაკუთრედ. საკუთრების მოწმობის გაცემა დაევალა იმერეთის ს.ბ...ს.

ვანის .. .. გამგეობის თავმჯდომარემ განცხადება შეიტანა სასამართლოში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. მან მიუთითა, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო ყალბ ცნობებს და ბაზრის მესაკუთრედ ცნო ზ. თ-ე. 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გამოტანისას ზ. თ-ს არანაირი თანხა არ ჰქონდა შეტანილი ბაზრის შესასყიდად. არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ვანის რაიონის ს...ის ყოფილი უფროსის – ა. ა-ის მიმართ. განაჩენით დადგენილია, რომ 2004 წლის 15 ოქტომბერს ა. ა-მ შეადგინა და გასცა ყალბი ცნობა რ. მ-ის მიერ ... ბაზრის შესყიდვასთან დაკავშირებით ადგილობრივ ბიუჯეტში 23000 ლარის გადახდის თაობაზე. ყალბი ცნობის საფუძველზე გამოტანილ იქნა 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ვანის ბაზარი ცნობილ იქნა ზ. თ-ის საკუთრებად.

საქმე აცილების წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გაიგზავნა ბაღდათის რაიონულ სასამართლოში. ბაღდათის რაიონული სასამართლოს განჩინებით ვანის რაიონის სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და განახლდა საქმის წარმოება.

საქმის ხელახლა განხილვისას ზ. თ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ აღიარებულ იქნეს 2001 წლის 31 დეკემბერს გამოცხადებულ აუქციონზე ვანის ... ბაზრის შესასყიდად ზ. თ-ის მიერ 2300 ლარი გადახდილად და უძრავი ქონება, ... ბაზარი, მდებარე ქალაქ ვანში, ... ქუჩა ¹...-ში, ცნობილ იქნეს ზ. თ-ის საკუთრებად.

მოპასუხე იმერეთის ს.ბ...ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმ მიზეზით, რომ მოსარჩელე მხარეს არ აქვს აქტი აუქციონის ჩატარების შესახებ. მას საჯარო რეესტში უნდა გაეტარებინა აღნიშნული ქონება. მოსარჩელეს ასევე არ აქვს იმერეთის ს.ბ...ს დეპოზიტზე თანხის შეტანის ქვითარი, რაც დაადასტურებდა აუქციონის ჩატარებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აუქციონის წესით ქონების შეძენისას სავალდებულოა შესაძენი თანხის ს. ბ...ს დეპოზიტზე შეტანა.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ზ. თ-მ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ზ. თ-ს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებით კი ზ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ზ. თ-ს, მაგრამ მან ხარვეზი არ შეავსო, კერძოდ, ფოსტიდან შემოვიდა შეტყობინება, სადაც მითითებულია, რომ ზ. თ-ს შეტყობინება დაუტოვეს, მაგრამ ის წერილის მისაღებად არ მივიდა. სააპელაციო სასამართლომ განჩინება ჩაბარებულად ჩათვალა და, ვინაიდან განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, ზ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. თ-მ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არაწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად. Fფოსტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის აღნიშნული, თუ კონრეტულად ვის ჩაჰბარდა განჩინება. შეტყობინება დატოვებულ იქნა კარებთან და მას არ უნახავს. მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია ხარვეზის განჩინება და, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განუხილველად დატოვების განჩინება უსაფუძვლოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ზ. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ზ. თ-ის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან (ს.ფ.375-376).

ზ. თ-ს განჩინების ასლი გაეგზავნა 2006 წლის 26 ოქტომბერს. სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა საქართველოს ფოსტის შეტყობინება იმის შესახებ, რომ ადრესატთან შეტყობინება დატოვებულია, მაგრამ წერილის მისაღებად იგი არ მივიდა (სფ378). სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, უწყება ჩაბარებულად ითვლება, რადგან შეტყობინება დატოვა ფოსტის წარმომადგენელმა, ის კი წერილის წასაღებად არ მივიდა, რის საფუძველზეც სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს.

მოცემულ შემთხვევაში ვერ დასტურდება, რომ ზ. თ-მ უარი განაცხადა განჩინების მიღებაზე. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, შეტყობინება საფოსტო განყოფილებაში გამოცხადების შესახებ დატოვებულ იქნა კარებში ანუ შეტყობინება პირადად არ გადაუციათ არც ზ. თ-სათვის და არც სხვა პირისათვის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ ზ. თ-მ უარი განაცხდა განჩინების ჩაბარებაზე. მოცემულ შემთხვევაში განჩინება არ ჩაითვლება ჩაბარებულად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს პირისათვის უფლებას, რომ თავისი, კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო უფლება-ვალდებულებების რეალიზაცია მოახდინოს სასამართლოზე. ამ შემთხვევაში სასამართლო გვევლინება კანონიერების გარანტად, რაც გულისხმობს იმ სამართლებრივი მექანიზმების მაქსიმალურად გამოყენებას, რითაც დაცულია პირის უფლება სასამართლოზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ვერ უზრუნველყო მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემა და, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ჩაეთვალა განჩინება ჩაბარებულად და არ უნდა დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.