#538აპ.-17 ქ. თბილისი
კ-ი შ. 538ap.-17 22 მარტი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ გიორგი რამიშვილის
ადვოკატ - მ. ნ-ის
მონაწილეობით განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილისა და მსჯავრდებულ შ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ. კ-ს, ბრალი დაედო თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
თაღლითობის მცდელობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობაში იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 16.30 საათზე, ქალაქ ბ-ში, გ-ის ქუჩის №–ში მდებარე შპს „ა-ის“ ოფისში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევმა შ. კ-მა შპს „ა-ის“ მოლარე–ოპერატორ მ. კ-ეს მობილური ტელეფონის აქსესუარების შეძენის მიზნით, წარუდგინა 200-ლარიანი კუპიურა, რომელიც რეალურად მისთვის არ გადაუცია და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 38 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის აქსესუარებსა და 162 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
2016 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 17.00 საათზე, ქალაქ ბ-ში, გ-ის ქუჩის №–ში მდებარე შპს „ა-ის“ ოფისში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა შ. კ-მა შპს „ა-ის“ მენეჯერ მ. კ-ეს მობილური ტელეფონის აქსესუარების შეძენის მიზნით, წარუდგინა 100-ლარიანი კუპიურა, რომელიც რეალურად მისთვის არ გადაუცია და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდა დაუფლებოდა 18 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის აქსესუარებსა და 82 ლარს, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით შ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე. შ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით შ. კ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი და 6 თვე. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ჯარიმა - 5000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2016 წლის 16 აგვისტოდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე - დაცვის მხარეებმა.
4.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი რამიშვილი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას როგორც კვალიფიკაციის, ისე - სასჯელის ნაწილში, კერძოდ: შ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობა, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს მუხლების სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელები, რომლებიც უნდა შეიკრიბოს მთლიანად, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შ. კ-ის მიერ თაღლითობის ერთი ეპიზოდის (2016 წლის 15 ივლისის) ჩადენა, თუმცა არ ჩათვალა, რომ შ. კ-ი იყო ორჯერ ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ბრალდების მხარემ წარადგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენები, ასევე - სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინება ამნისტიის კანონის გამოყენების შესახებ, რომელთა მიხედვითაც, შ. კ-ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლით და ამავე კოდექსის 180–ე მუხლით, რითაც უტყუარად დგინდება, რომ შ. კ-ი ორჯერაა ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის და ახალი დანაშაულის ჩადენის დროისთვის მის მიმართ არცერთი განაჩენით არ იყო ნასამართლობა გაქარწყლებული.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ შ. კ-ი უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მაშინ, როცა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად არის დადასტურებული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდების მხარეს განაჩენი უსამართლოდ და უკანონოდ მიაჩნია სასჯელის ნაწილშიც. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისი პიროვნება; სასჯელის დანიშვნისას დაირღვა საქართველოს სსკ–ის 53–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნები, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება ან/და დამნაშავის რესოციალიზაცია, პირიქით, შ. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის წამახალისებელი.
4.2. მსჯავრდებული შ. კ-ი და მისი ადვოკატი წარმოდგენილი საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას გამამტყუნებელ ნაწილში და შ. კ-ის უდანაშაულოდ ცნობას სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაშიც, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განაჩენი გამამტყუნებელ ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია; საქმეში წარმოდგენილი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოჩანაწერები, მათი ხარისხის, რეზოლუციისა და რაკურსის გამო, არ არის ვარგისი პირის საიდენტიფიკაციო კვლევისათვის, შესაბამისად, ვერ დადგინდა, ვიდეოფირზე ასახული პირი არის თუ არა შ. კ-ი; სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს 2017 წლის 17 აგვისტოს პროცესუალური დარღვევებით ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმები, რადგან ამომცნობი პირები - მ. კ-ე და ა. მ-ი ასახელებდნენ ისეთ ზოგად ნიშნებს, რაც არ შეიძლება, საკმარისად ჩაითვალოს პირის იდენტიფიკაციისათვის; მოწმეები ამოცნობის ოქმებში მიუთითებენ არადამაჯერებელ ნიშნებზე, კერძოდ, მოწმემ ამოცნობის დროს განაცხადა, რომ პირის ამოცნობა შეეძლო თვალებით, მაშინ, როცა ვიდეოჩანაწერზე ასახულ, 2016 წლის 15 ივლისს „ა-ის“ მაღაზიაში მყოფ პირს ეხურა კეპიანი ქუდი და ეკეთა მუქი მზის სათვალე; მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ გაიზიარა და განაჩენის დადგენისას მხედველობაში მიიღო ასეთი მოწმეების არადამაჯერებელი და საეჭვო ჩვენებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ არ იზიარებს ადვოკატის არგუმენტებს შ. კ-ის უდანაშაულობის თაობაზე (2016 წლის 15 ივლისის ეპიზოდთან მიმართებით) და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები შ. კ-ის ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადასტურებლად, კერძოდ:
2. მოწმე მ. კ-ის განმარტებით, მუშაობს შპს „ა-ში“ მოლარე–ოპერატორად. 2016 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 16.30 საათზე, მაღაზიაში შევიდა ბრალდებული შ. კ-ი, რომელსაც ეცვა ზოლიანი მაისური, ე.წ. „ბრიჯი“, ეკეთა სათვალე, ეხურა კეპი. მან დახლიდან აიღო და მოლარის მაგიდასთან მიიტანა ,,კეისი“ და ,,ადაპტერი“, თითოეული ეს ნივთი 19 ლარად ღირებული, რამაც კ-ის გაკვირვება გამოიწვია, რადგან წინა დღეს მიღებული ამ ნივთების რეალური დანიშნულება მაღაზიაში მომუშავე პერსონალისთვისაც კი უცნობი იყო, კლიენტმა კი ყოველგვარი კონსულტაციისა და შეკითხვების გარეშე შეარჩია ისინი. კლიენტი დადგა მოლარის მაგიდის გვერდით, პერსონალისათვის განკუთვნილ ადგილას, ჰკითხა 200-ლარიანი კურპიურის ხურდა თუ ექნებოდა, ამოიღო 200-ლარიანი ბანკნოტი, რომელიც დაიჭირა ხელში, რამდენჯერმე გაუწოდა და თან ეუბნებოდა, რომ სამ ლარს კიდევ დაუმატებდა და ნაცვლად კუთვნილი 162 ლარისა, 165 ლარი დაებრუნებინა ხურდად. რამდენჯერმე ფულის გამოწვდამ და ხურდის დაბრუნების თაობაზე გაბმულმა საუბარმა, როგორც ჩანს, დააბნია, ჩათვალა, რომ თანხა გადასცეს, ამიტომ დაუბრუნა კლიენტს 162 ლარი. ამის შემდეგ ბრალდებულმა კიდევ რაღაც ჰკითხა დახლზე არსებულ ნივთებთან დაკავშირებით. კ-ეს პასუხის გასაცემად მოლარის ადგილის დატოვება და დარბაზში გასვლა მოუწია. კ-მა კი თავად აიღო მოლარის მაგიდიდან „შეძენილი“ ნივთები და წავიდა. საღამოს ნავაჭრი თანხის გადათვლისას აღმოაჩნდა დანაკლისი. 200-ლარიანი კუპიურა, რომელიც მხოლოდ ერთ კლიენტს უნდა ჰქონდა იმ დღეს გადახდილი, არსად ჩანდა. ნახეს მაღაზიაში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანდა, რომ კლიენტს ფული არ გადაუცია მოლარისთვის. მომხდარი საკუთარ შეცდომად მიიჩნია, ამიტომ არ შეატყობინა პოლიციას.
2016 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 16.30 საათიდან 17.00 საათამდე დროის მონაკვეთში, მაღაზიიდან გავიდა აფთიაქში. იმ მომენტში მაღაზიაში ადგილზე არ იყო ასევე პროგრამისტი შ. დ-ი. დაახლოებით ათ წუთში დაბრუნდა სამსახურში. მას და შ. დ-ს ერთდროულად მოუწიათ მისვლა, ერთად შევიდნენ მაღაზიაში. შესვლისთანავე დაინახა მამაკაცი, რომელიც 2016 წლის 15 ივლისს მისგან მოტყუებით დაეუფლა 38 ლარის ღირებულების ნივთებს და თანხას. მათი შესვლისთანავე ამ პირმა დატოვა მაღაზია, ჩაჯდა ავტომანქანაში, სახ ნომრით --, და დატოვა იქაურობა. ავტომანქანის ნომერს სპეციალურად დააკვირდა, უკარნახა ა. მ-ს, რომელმაც ლურჯ საკანცელარიო ფურცელზე ჩაიწერა. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, განეცხადებინათ პოლიციაში. დარწმუნებულია, რომ 2016 წლის 15 და 27 ივლისს ერთი და იგივე პირი იმყოფებოდა მათ მაღაზიაში, კარგად ახსოვს მისი ფიზიკური მონაცემები, ჩაცმულობა, საუბრის მანერა, კუთხური კილოკავი. მოგვიანებით ამოიცნო იგი პოლიციის განყოფილებაში ჩატარებული ამოცნობისას. დარწმუნებულია ამოცნობაში და კატეგორიულად მიუთითებს, რომ ბრალდებული შ. კ-ი სწორედ ეს პირია. გარდა ამოცნობისა, მონაწილეობა მიიღო მაღაზიაში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერებაში, ასევე - ქუთაისის სამმართველოდან გადმოგზავნილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაშიც. სრულიად დარწმუნებით აცხადებს, რომ ყველა ამ ჩანაწერზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პირი – ბრალდებული შ. კ-ი.
3. დაზარალებულად ცნობილი, შპს „ა-ის“ წარმომადგენელ ა. მ-ის ჩვენების თანახმად, მუშაობს შპს .......ს ბათუმის ფილიალში მენეჯერად. მასთან ერთად მუშაობენ მოლარე მ. კ-ე, პროგრამისტი შ. დ-ი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი. 2016 წლის 27 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, მოლარე მ. კ-ე მაღაზიიდან აფთიაქში წამლის შესაძენად გავიდა, ამიტომ სალაროსთან ადგილი თავად დაიკავა. დაახლოებით 16.30 საათზე მაღაზიაში შევიდა მამაკაცი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, შ. კ-ი. აირჩია რამდენიმე ნივთი, შემდეგ სალაროსთან მივიდა და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა 100-ლარიანი კუპიურის ხურდა. ამ დროს გაახსენდა 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი შემთხვევა, როცა ის იმყოფებოდა სამსახურში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მოლარე–ოპერატორი მ. კ-ე, ტექნიკოსი და კონსულტანტები. დაახლოებით 16.30 საათიდან 17.00 საათამდე დროის მონაკვეთში მაღაზიაში შევიდა ბრალდებული, რომლის ვინაობა იმ მომენტისთვის არ იყო ცნობილი, თუმცა როგორც გაირკვა გამოძიების ეტაპზე, არის შ. კ-ი. ის მივიდა დახლებთან და შეარჩია საკმაოდ უცხო სახეობის ნივთები, რომლებიც მაღაზიაში ახალი მიღებული ჰქონდათ და მათი დანიშნულება კარგად არ იცოდნენ თანამშრომლებმაც კი. მიიტანა ეს ნივთები სალაროსთან, მოლარე-ოპერატორ მ. კ-ესთან. მოწმის განმარტებით, თავად მოლარის გვერდით სკამზე იჯდა და კარგად ხედავდა შ. კ-ის მოქმედებას, ესმოდა მისი საუბარი მ. კ-ესთან. ნივთები, რომლის შეძენაც თითქოს სურდა შ. კ-ს, 38 ლარის ღირებულების იყო, მოლარესა და შ. კ-ს შორის საუბარი მიმდინარეობდა 200-ლარიანი ბანკნოტის გადაცემის შემთხვევაში დასაბრუნებელი თანხის ოდენობაზე. დაინახა, საუბრისას რამდენჯერმე როგორ გაუწოდა შ. კ-მა 200-ლარიანი კუპიურა მ. კ-ეს, საბოლოოდ გადასცა თუ არა, არ დაკვირვებია, თავადაც საქმიანობდა და ყურადღება საქმეზე გადაჰქონდა პერიოდულად, თუმცა დაინახა, როგორ დაუბრუნა მ-მა ხურდა. შემდეგ გაიგონა, რომ შ. კ-მა რაღაც გასაყიდ ნივთთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა მ-ს, ამიტომ ამ უკანასკნელმა დატოვა ადგილი და დახლისკენ გადაინაცვლა. ამ დროს შ. კ-ი თავად გადასწვდა მოლარის მაგიდაზე დადებულ ნივთებს და წაიღო. დღის ბოლოს აღმოაჩინეს თანხის დანაკლისი, ნახეს, რომ 200-ლარიანი კუპიურა საერთოდ არ იყო ნავაჭრ თანხაში და მიხვდნენ, რომ მოატყუეს. დაათვალიერეს მაღაზიაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები და დაინახეს, რომ შ. კ-ს საერთოდ არ მიუცია თანხა მოლარისათვის, კუპიურა ხელში ატრიალა, რამდენჯერმე გაუწოდა მ. კ-ეს, თუმცა ბოლოს ჯიბეში ჩაიდო. მიუხედავად აღნიშნულისა, არ ჩათვალეს მიზანშეწონილად პოლიციისთვის შეეტყობინებინათ მომხდარის შესახებ. დანაკლისი მ. კ-ემ აანაზღაურა, ვინაიდან ჩათვალა, რომ ეს მისი შეცდომა იყო.
მოწმის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამიტომ უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინა და დაელოდა, როდის გადასცემდა ფულს შ. კ-ი. ამ დროს მაღაზიაში შევიდნენ მ. კ-ე და შ. დ-ი. ბრალდებულმა აღარ ისურვა ნივთების შეძენა და მაღაზია დატოვა. მოწმის განმარტებით, მან და მ. კ-ემ, რომელმაც მაშინვე იცნო ეს პირი, დაინახეს, როგორ გადავიდა შ. კ-ი გზის მეორე მხარეს და ჩაჯდა მომწვანო–მოლურჯო ფერის ავტომანქანაში, რომლის ნომერი ა. მ-მა ლურჯ საკანცელარიო ფურცელზე ჩაიწერა და გამოძიებას წარუდგინა. განსხვავებით 15 ივლისის ფაქტისგან, როდესაც პოლიციას არ აცნობეს მომხდარი ფაქტი, 2016 წლის 27 ივლისს გადაწყვიტეს შეეტყობინებინათ სამართალდამცავი ორგანოსთვის და ეთხოვათ რეაგირება, რადგან ერთი და იმავე პირმა უკვე ორჯერ ჩაიდინა მაღაზიის თანამშრომლების მიმართ ერთი და იგივე ქმედება. აღნიშნულის შემდეგ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ, მაღაზიაში დამონტაჟებული კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერებაში, ასევე - ამოცნობაში. დარწმუნებულია, რომ კამერების 15 და 17 ივლისის ჩანაწერებზე ასახულია ერთი და იგივე პირი და ის ბრალდებული შ. კ-ია.
4. მოწმე შ. დ-ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შპს „ა-ის“ მაღაზიაში პროგრამისტად. 2016 წლის 27 ივლისს ცოტა ხნით გასული იყო მაღაზიიდან, უკან დაბრუნებისას შემთხვევით შეხვდა მოლარე მ. კ-ეს და ერთად მოუწიათ მაღაზიაში შესვლა. მათი შესვლის შემდეგ ვიღაც მამაკაცი გავიდა მაღაზიიდან, მისთვის კარგად არ შეუხედავს და, შესაბამისად, ვიზუალურად როგორ გამოიყურებოდა, ვერ აღწერს. მ. კ-ემ და ა. მ-მა ერთხმად მიუთითეს, რომ სწორედ ეს მამაკაცი 2016 წლის 15 ივლისს მათი მაღაზიიდან მოტყუებით დაეუფლა გასაყიდ ნივთებს და თანხას. დაინახა, როგორ ჩაჯდა ის გზის მეორე მხარეს გაჩერებულ მანქანაში და წავიდა. მანქანის ნომერი ჩაიწერეს.
5. 2016 წლის 17 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ მოწმე მ. კ-ემ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, ამოიცნო ბრალდებული შ. კ-ი, როგორც პირი, რომელმაც 2016 წლის 15 ივლისს ქ. ბ-ში, ზ. გ-ის ქუჩის №–ში მდებარე შპს „ა-ის“ მაღაზიაში, შეარჩია 38 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის აქსესუარები და სურდა 200-ლარიანი კუპიურით გადახდა, რომელიც რეალურად მისთვის არ გადაუცია და მოტყუებით დაეუფლა 38 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის აქსესუარებსა და 162 ლარს, ხოლო 2016 წლის 27 ივლისს ქ. ბ-ში, გ-ის ქუჩის №–ში მდებარე შპს „ა-ის“ მაღაზიაში, ესაუბრებოდა ა. მ-ს, ხოლო მ. კ-ისა და შ. დ-ის მაღაზიაში შესვლისთანავე ჩქარი ნაბიჯებით დატოვა მაღაზია.
6. პირის ამოცნობის შესახებ 2016 წლის 17 აგვისტოს ოქმით დასტურდება, რომ მოწმე ა. მ-მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, ამოიცნო ბრალდებული შ. კ-ი, როგორც პიროვნება, რომელიც 2016 წლის 15 ივლისს ქ. ბ-ში, ზ. გ-ის ქუჩის №–ში მდებარე შპს „ა-ის“ მაღაზიაში, მოტყუებით დაეუფლა 38 ლარის ღირებულების ნივთებს და 162 ლარს, ხოლო 2016 წლის 27 ივლისს ქ. ბ-ში, გ-ის ქუჩის №–ში მდებარე შპს „ა-ის“ მაღაზიაში, შეარჩია 18 ლარის ღირებულების ნივთები, სურდა 100-ლარიანი კუპიურით გადახდა, რომელიც რეალურად მისთვის არ გადაუცია. საბოლოოდ არც ნივთები შეუძენია, ისე დატოვა მაღაზია მ. კ-ისა და შ. დ-ის მაღაზიაში შესვლის შემდეგ.
7. წარმოდგენილია პატარა ზომის საკანცელარიო ფურცელი, რომელზეც კალმით გაკეთებულია ჩანაწერი – --.
8. 2016 წლის 15 ივლისს „ა-ის“ მაღაზიის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების თანახმად, ფირზე დაფიქსირებულია პირი, რომელსაც აცვია ზოლიანი მაისური, მოკლე შარვალი (ე.წ. ,,ბრიჯი“), ახურავს კეპი და უკეთია მზის სათვალე. მამაკაცს ხელში უჭირავს ორი პაკეტი, რომლებსაც აწვდის მოლარეს, რის შემდეგაც მიდის მოლარის მაგიდასთან და ჯიბიდან იღებს საფულეს. პირი ესაუბრება მოლარეს, საფულიდან იღებს ქაღალდის ბანკნოტს და აწვდის მოლარეს, რომელსაც საბოლოოდ არ აძლევს და ბანკნოტს დებს საფულეზე. იწყებს ჯიბეში თანხის ძებნას და ესაუბრება მოლარეს. იღებს ბანკნოტს და იდებს შარვლის ჯიბეში. შემდეგ ისევ საფულეში აბრუნებს ბანკნოტს, კვლავ იღებს საფულიდან და კვლავ იდებს ჯიბეში. მოლარე უბრუნებს თანხას და აწვდის ჩეკს, ხოლო კადრში დაფიქსირებული პირი მაგიდიდან იღებს ნივთებს და გადის მაღაზიიდან.
9. 2016 წლის 7 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებიდან ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გადაზავნილ ვიდეოჩანაწერებზე ასახულია შ. კ-ის ქმედებები ქუთაისში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ერთ–ერთ პუნქტში, რა დროსაც მან ანალოგიური ხერხით - ფულის კუპიურების ჩვენებით, რამდენჯერმე გაწვდით, თუმცა საბოლოოდ პუნქტის თანამშრომლისთვის მისი გადაუცემლობით მოატყუა ეს პირი და მოტყუებით დაეუფლა თანხას. აღნიშნულ ფაქტზე მის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.
10. პალატა მიუთითებს რომ მ. კ-ისა და ა. მ-ის ჩვენებები თანმიმდევრულია და თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ისე - საქმეში წარმოდგენილ, ვიდეოჩანაწერებზე ასახულ ინფორმაციასთან. მ. კ-ემ და ა. მ-მა დაწვრილებით აღწერეს შ. კ-ის პიროვნება და დარწმუნებით მიუთითეს, რომ 2016 წლის 15 ივლისსა და 27 ივლისს ერთი და იგივე პირი - შ. კ-ი იმყოფებოდა მაღაზიაში, რის გამოც პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მითითებას, რომ 2016 წლის 15 ივლისს „აიტექნიკის“ მაღაზიაში საერთოდ არ იმყოფებოდა და ვიდეოზე ასახული პირი არის სხვა ადამიანი, რომლის ვინაობაც იცის, თუმცა თავს იკავებს მისი დასახელებისგან.
11. დაცვის მხარე აპელირებს ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 4 ნოემბრის №--- ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი ვიდეოჩანაწერები, მათი ხარისხის, რეზოლუციისა და რაკურსის გამო, არ არის ვარგისი პირის საიდენტიფიკაციო კვლევისთვის, შესაბამისად, ვერ დადგინდა, მასზე ასახულია თუ არა ექსპერტიზის წინაშე წარდგენილ ფოტოსურათებზე ასახული პირი – შ. კ-ი. ამის თაობაზე პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არც ადასტურებს და არც უარყოფს შ. კ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს. ამის საპირისპიროდ კი ბრალდების მხარემ წარმოადგინა მ. კ-ისა და ა. მ-ის ჩვენებები და მათი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება, რომ ვიდეოზე ასახული პირი შ. კ-ია. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს არათუ რაიმე მტკიცებულება, რაიმე ლოგიკური არგუმენტიც კი არ წარმოუდგენია იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება ცრუობდნენ მ. კ-ე და ა. მ-ი.
12. გარდა იმისა, რომ მ. კ-ისა და ა. მ-ის ჩვენებები დამაჯერებელია და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, პალატა ასევე მიუთითებს იმაზეც, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული მოტყუების ხერხი იდენტურია ქუთაისში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ერთ–ერთ პუნქტში შ. კ-ის მიერ გამოყენებული მოტყუების ხერხისა (ქუთაისში დანაშაულის ჩადენის ფაქტის ამსახველ ვიდეოზე ყოფნას შ. კ-ი არ უარყოფს), რა დროსაც მან ფულის კუპიურების ჩვენებით, რამდენჯერმე გაწვდით, თუმცა საბოლოოდ პუნქტის თანამშრომლისთვის მისი გადაუცემლობით მოატყუა ეს პირი და მოტყუებით დაეუფლა თანხას, რაც კიდევ უფრო ამყარებს ბრალდების მხარის პოზიციას.
13. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ვიდოზე დაფიქსირებულ პირს ეკეთა სათვალე და შესაბამისად, წარმოუდგენელია, დაზარალებულს ამოეცნო შ. კ-ი თვალებით, პალატა მიუთითებს, რომ ვიდეო ჩანაწერზე ნათლად ჩანს, რომ 2016 წლის 27 ივლისს „ა-ის“ მაღაზიაში შ. კ-ი იწევს სათვალეს მაღლა და ისე ესაუბრება კონსულტანტს, რის გამოც 2016 წლის 17 აგვისტოს ჩატარებული ამოცნობისას ა. მ-ის მითითება, რომ შ. კ-ი სხვა ნიშნებთან ერთად ამოიცნო თვალებითაც, სრულიად ბუნებრივია და არ წარმოადგენს მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
14. ამდენად, დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.
15. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას შ. კ-ის დამნაშავედ ცნობის შესახებ თაღლითობის მცდელობისათვის (2016 წლის 27 ივლისს ეპიზოდი), ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვას მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:
16. ა. მ-ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 16.30 საათზე, მაღაზიაში შევიდა მამაკაცი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, შ. კ-ი. აირჩია რამდენიმე ნივთი, შემდეგ სალაროსთან მივიდა და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა 100-ლარიანი კუპიურის ხურდა. ამ დროს გაახსენდა 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი შემთხვევა, რის გამოც სიფრთხილე გამოიჩინა და დაელოდა, როდის გადასცემდა ფულს შ. კ-ი. ამ დროს მაღაზიაში შევიდნენ მ. კ-ე და შ. დ-ი. ბრალდებულმა აღარ ისურვა ნივთების შეძენა და მაღაზია დატოვა.
17. 2016 წლის 27 ივლისის ვიდეოჩანაწერით, რომელიც ასახავს მაღაზიაში მამაკაცის შესვლასა და ა. მ-თან მისი ურთიერთობის ფაქტს, დასტურდება, რომ ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულ პირს არც ნივთი მიაქვს, არც ფულს აძლევს ა.მოძმანაშვილს და ისე ტოვებს მაღაზიას.
18. მსჯავრდებულმა შ. კ-მა დაადასტურა 2016 წლის 27 ივლისს „ა-ის“ მაღაზიაში მისი ყოფნის ფაქტი და ის გარემოება, რომ 27 ივლისს ვიდეოჩანაწერებზე ასახული პირი ნამდვილად თვითონაა, თუმცა განმარტა, რომ არანაირი თაღლითობის მცდელობა მას არ ჰქონია, სურდა, თავისი ქალიშვილისთვის ეყიდა მობილური ტელეფონის აქსესუარები, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა მათი შეძენა.
19. ზემოაღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, ბრალდების მხარის მითითება, რომ შ. კ-ი აპირებდა, მოტყუებით დაუფლებოდა თანხასა და მობილურის აქსესუარებს, მ. კ-ის მაღაზიაში დაბრუნებას რომ არ შეეშალა ხელი, ვერ სცილდება ვარაუდს, რის გამოც ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
20. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი შ. კ-ის საქართველოს სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
21. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას შ. კ-ის ქმედების საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) გადაკვალიფიცირების შესახებ, პალატას მიაჩნია, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდგ გარემოებათა გამო:
23. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება შ. კ-ის ორჯერ ნასამართლობა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, კერძოდ:
23.1. ცნობა შ. კ-ის ნასამართლობის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განაჩენით შ. კ-ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე, სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა პირობითი მსჯავრი - 1 წელი, 10 თვე და 15 დღე, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით შ. კ-ი მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. გაუქმდა 2010 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილი შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა. საბოლოოდ შ. კ-ს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
23.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლისა და 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენები, რომლებითაც დასტურდება ნასამართლობის ცნობაში მითითებული ინფორმაცია.
23.3. იმერეთის პრობაციის ბიუროს წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ შ. კ-ი 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე 2015 წლის 8 სექტემბრიდან იმყოფება აღრიცხვაზე იმერეთის პრობაციის ბიუროში.
24. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდამდე, გამოსაცდელი ვადის პერიოდში შ. კ-მა ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ახალი დანაშაული, რისთვისაც 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით იგი მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით. ამავე განაჩენით გაუქმდა 2010 წლის 25 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის გამოც, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა როგორც სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ისე - სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაულისთვისაც აითვლება ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდიდან.
25. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დანაშაული შ. კ-მა ჩაიდინა 2016 წლის 15 ივლისს. შესაბამისად, 6 წელი არათუ სასჯელის მოხდიდან, არამედ განაჩენის დადგენის მომენტიდანაც (2013 წლის 21 ნოემბერი) კი არ იყო გასული, რის გამოც გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა შ. კ-ის სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევად მიჩნევის საფუძველს.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ შ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის საუარესო ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ შ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. შ. კ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ–ის 19, 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. შ. კ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით შ. კ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი და 6 თვე. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით შ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. მსჯავრდებულ შ. კ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 16 აგვისტოდან 2017 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
7. ნივთიერი მტკიცებულება - ვიდეოკამერების ჩანაწერები ოთხ DVD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე