¹ას-826-1189-06 12 აპრილი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. ვ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ი, გ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 29 სექტემბერს რ. ვ-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: განმცხადებლის განმარტებით, მ. ს-მ, რომელიც 1972 წლიდან მუშაობდა სამხედრო საჰაერო ძალების დასასვენებელ სახლ “ქ...ში” მზარეულად, 1978 წელს სამსახურიდან მიიღო ბინა, მდებარე, ქ.ქობულეთში, .... ¹140 “გ” ბინა ¹...-ში, ამავე ბინის მეორე ოთახში შეასახლეს ა. ტ-ა, რომელიც 1999 წლიდან ამოიწერა ქობულეთიდან და მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა უკრაინის რესპუბლიკაში. 2000 წლის 12 ოქტომბრის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ა. ტ-ა ცნობილ იქნა უფლებადაკარგულად მითითებულ ბინაზე და ბინა სარგებლობის უფლებით გადაეცა მ. ს-ს, რომელმაც 2001 წლის 7 ივნისს განახორციელა ბინის პრივატიზაცია. 2002 წლის 18 ნოემბერს მ. ს-სა და რ. ვ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა გადაეცა მოსარჩელეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ვ-ისა და ს-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ა. ტ-სა და მ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე გაუქმდა შპს “ქ.....სა” და მ. ს-ს შორის გაფორმებული 2001 წლის 7 ივნისის 11,7 კვ.მ ოთახის პრივატიზაციის ხელშეკრულება; გაუქმდა მ. ს-სა და რ. ვ-ს შორის დადებული 2002 წლის 18 ნოემბრის 11.7 კვმ ოთახის ნასყიდობის ხელშეკრულება. ა. ტ-სა და მ. კ-ის მოთხოვნა 11,7 კვ.მ ფართობის ოთახზე საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და სადავო ოთახი დაუბრუნდა მის მესაკუთრეს ქობულეთის ტურისტული ბაზა “ქ...ის” ადმინისტრაციას.
მოსარჩელის განმარტებით, ხელოვნურად შექმნილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სასამართლო შეცდომაში იქნა შეყვანილი, გადაწყვეტილება არასწორია, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “ა”, “ბ” და “ვ” პუნქტების საფუძველზე, მოითხოვა საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით რ. ვ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ვ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ რ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმის შესახებ, თუ როდიდან გახდა ცნობილი განმცხადებლისათვის ამ საფუძვლის შესახებ და რა მტკიცებულებებით შეუძლია მხარეს ამ გარემოების დადასტურება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 სექტემბერს რ. ვ-ს მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადა იმ გარემოებათა დამამტკიცებელი დოკუმენტის წარმოსადგენად, რომლითაც დადგინდებოდა, თუU როდის გახდა მისთვის ცნობილი ახალი გარემოებების შესახებ, ხოლო, დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე დატოვა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, საქმეში არსებული დოკუმენტების სიყალბის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2006 წლის 5 მარტს, ხოლო განცხადება სასამართლოში შეიტანა დროულად _ 2006 წლის 10 მარტს, ასევე მან სრულყოფილად წარმოადგინა დოკუმენტები, რომლითაც ახალი გარემოებები დგინდება და შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ განცხადება არასწორად არის დატოვებული განუხილველად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ის გარემოება, რომ მისთვის დოკუმენტების სიყალბის შესახებ ცნობილი გახდა 2006 წლის 5 მარტს, დადასტურებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი დოკუმენტით, რაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინება კანონიერია ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.