განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-827-1142-07 14 იანვარი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ თ. გ-ნი
მოწინააღმდეგე მხარე _ სადაზღვევო კომპანია შპს “ო.-ი” (მოპასუხე)
დავის საგანი – საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდევინება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ 2005 წლის ივნისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სადაზღვევო კომპანია შპს “ო.-ის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საგარანტიო თანხის 29915 ლარის გადახდის დაკისრება, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15%-ის ოდენობით, ასევე სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის დაკისრება. მან სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2004 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ¹10 ზონის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებით გაიმარჯვა შპს “¹... საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “...-მ”. ამ უკანასკნელსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2004 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული ¹49 ხელშეკრულების შესაბამისად შპს ... საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “...-ამ” იკისრა ვლდებულება განეხორციელებინა ზონა ¹10-ზე საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე. 2005 წლის 28 თებერვალს აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიოდ სადაზღვევო კომპანია შპს “ო.-ის” მიერ გაიცა ¹05/1 საბანკო გარანტია, რომლის მიხედვითაც გარანტი შპს “ო.-ი” იღებს პასუხისმგებლობას დეპარტამენტის წინაშე 29915 ლარის ოდენობით და კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა შპს “¹... საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “...-ს” მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბენეფიციარის პირველი მოთხოვნისთანავე. 2005 წლის 16 მაისს შპს “¹... საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “...-მ” განცხადებით მიმართა მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, მოტივად მიუთითა ¹49 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მოსალოდნელი შეუსრულებლობა. მოსარჩელის მითითებით, შპს “¹... საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “...-ა” ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშიც არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა აღნიშნულ ზონაში შემავალ გზებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას უწევს დამატებითი ხარჯების გაწევა. 2005 წლის 19 მაისს შპს “¹... საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო “...-ს” მოთხოვნისა და მისი ამავე წლის 16 მაისის წერილის საფუძველზე გაფორმდა შეთანხმება 2004 წლის 17 დეკემბრის ¹49 ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რის შესახებაც 2005 წლის 23 მაისის ¹02/1263 წერილით მოსარჩელემ აცნობა სადაზღვევო კომპანია შპს “ო.-ს” და მოითხოვა საგარანტიო თანხის გადახდა, თუმცა მიუხედავად წერილობითი მოთხოვნისა ეს უკანასკნელი ¹05/1 საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი და ჩათვალა, რომ საქმის მასალების თანახმად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების ასლი გადაეცა 2007 წლის 15 აგვისტოს. აღნიშნული გადაწყვეტილებით მას ასევე განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის გამოთვლა უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების გადაცემის მეორე დღიდან, ე.ი. 2007 წლის 16 აგვისტოდან და უნდა დამთავრდეს 2007 წლის 29 აგვისტოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილებაზე უნდა შეეტანა 2007 წლის 30 აგვისტომდე. მან კი სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეიტანა 2007 წლის 10 სექტემბერს, ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის გათვალისწინებული ვადის დარღვევით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა თ.გ-ნმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რასაც ადასტურებს საფოსტო ქვითარი, რომელზეც სააპელაციო საჩივრის ვადად მითითებულია 2007 წლის 29 აგვისტო. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, არ არსებობს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების დარღვევის ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, ვინაიდან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 15 აგვისტოს და მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 10 სექტემბერს, აპელანტის მიერ გაშვებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის არც გაგრძელება და არც აღდგენა არ შეიძლება. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დასაწყისი განისაზღვრება მხარისათვის დასაბუთებული (მოტივირებული) გადაწყვეტილების გადაცემის მომენტით, ხოლო თუ დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული, მაშინ ეს ვადა იწყება გამოცხადების მომენტიდან ოღონდ იმ პირობით, თუ სააპელაციო საჩივრის უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას. დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ხელზე მიცემა მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ სასამართლოში, რაც მან უნდა დაადასტუროს შედგენილ ხელწერილზე საკუთარი ხელმოწერითა და თარიღის მითითებით, ან მისი მხარისათვის გადაგზავნის დრო. გაგზავნის დროდ მიჩნეული უნდა იქნეს დრო, როდესაც გადაწყვეტილების ასლი 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გადაეგზავნა მხარეს, ოღონდ საქმეში აუცილებლად უნდა იყოს იმის დამადასტურებელი ცნობა, რომ ამ წესით გაგზავნილი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა ადრესატს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჩაბარდა 2007 წლის 15 აგვისტოს (ს.ფ. 126). საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გააგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოში. საქმის ფურცელ 131-ზე წარმოდგენილი საფოსტო კონვერტიდან დასტურდება, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2007 წლის 29 აგვისტოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდააოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან ირკვევა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საპელაციო საჩივარი შეტანილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებულ 14 დღიან ვადაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.