№645აპ-17 28 მარტი, 2018 წელი
ღ-ა ნ., 645აპ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით ნ. ღ., – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და რაც გამოიხატა შემდეგში:
2. 2016 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 14.10 საათზე, თ-ში, გ-ის გამზირზე, ნ. ღ. მართავდა ავტომანქანა „მერსედესს“, სახ. №. იმავე გამზირის №-ის მიმდებარედ მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, „ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, გზის სავალ ნაწილზე შესაბამისი საგზაო მონიშვნით, საგზაო ნიშნით ან შუქნიშნით აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელის არარსებობისას მძღოლი, რომელიც სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, ვალდებულია, გზა დაუთმოს ამ გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვეითებს. მან უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ქვეითების მიმართ, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე გადადიან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდომად ან იქიდან გადმოსხდომის შემდეგ“ და შეეჯახა ქვეით მ. გ-ეს. შეჯახების შედეგად მ. გ-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. აღნიშნული ქმედებისათვის ნ. ღ-ას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სსკ-ის 43–ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გაუქმდა ნ. ღ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა მის შემტანს.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ღ-სათვის პირობითი მსჯავრის ნაცვლად, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა პროკურორ ნანა ჯაყელის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორი ნანა ჯაყელი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ნ. ღ-სათვის შეფარდებული სასჯელი უსამართლოა, ვინაიდან პირობითი სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას; მსჯავრდებულმა, მართალია, აღიარა დანაშაული, მაგრამ ეს აღიარება მიმართული იყო მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებისაკენ, რეალურად კი მას დაზარალებულისათვის მკურნალობის ხარჯებიც კი არ აუნაზღაურებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ნ. ღ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად.
7. მსჯავრდებული ნ. ღ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ. შესაგებლით ითხოვენ პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული ახლაც მზადაა, დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი იმ ოდენობით, რისი საშუალებაც გააჩნია, თუ დაზარალებული ამ პირობას დასთანხმდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრისა და შესაგებლის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ. ღ-ამ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ. ღ-სათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის – ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4. მსჯავრდებულ ნ. ღ-სათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით 5 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
5. სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ დანაშაულის აღიარება არ არის საკმარისი მსჯავრდებულ ნ. ღ-სათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრისათვის და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით მისთვის შეფარდებული 3 წლით პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, უნდა გაიზარდოს 6 თვით და განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ნ. ღ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე