საქმე №107აგ-17 19 მარტი, 2018 წელი
ტ-ი ო., 107აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ტ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ო. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მას მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ო. ტ-ის მიმართ სსკ–ის 273–ე მუხლისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–8 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ო. ტ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ო. ტ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 27 დეკემბრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ო. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ო. ტ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
მსჯავრდებულ ო. ტ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია). განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. 2017 წლის 19 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ო. ტ-მა, რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. კასატორი – მსჯავრდებული ო. ტ. ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ო. ტ. ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული კვალიფიკაციით მსჯავრი დაედო 0,0000017 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის“ უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, არ შეიძლება თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდეს.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას, თუმცა, ამასთანავე, ცნობად იღებს იმ გარემოებას, რომ საკასაციო პალატის მიერ საქმის განხილვის მომენტისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ო. ტ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია და იგი საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისგან - 7 წლით თავისუფლების აღკვეთისგან.
4. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, აღარ არსებობს გასაჩივრებული განჩინების შეცვლის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე