ას-831-1117-09 21 სექტემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. დ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. გ-შვილი (მოპასუხე)
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ქონების დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა ე. დ-იამ მოპასუხე პ. ც-ავას მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ საკუთრებაში აქვს ქ.რუსთავში, ... ქ. ¹20-4-ში მდებარე ბინა, მის მეზობლად, კერძოდ კი, ... ქ. ¹14-ში (ბინის ნომერი მოსარჩელისავთვის უცნობია) ცხოვრობს ვინმე პ. ც-ავა, რომელიც 2008 წლის 7 თებერვლიდან დაუფლებულია მის საკუთრებაში არსებულ ბინას - ნების საწინააღმდეგოდ. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის ქმედებით მას მიადგა 5000 აშშ დოლარის ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის ზიანის - 5000 აშშ დოლარის დაკისრება.
2008 წლის 3 სექტემბერს წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე პ. ც-ავამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქ.რუსთავში, ... ქ. ¹20-4-ში მდებარე ბინა არის მეგობარ გ.ბურდიაშვილის მეუღლის – ი. გ-შვილის საკუთრება, რომელსაც იგი ფლობს დროებით, ამასთან დაუსაბუთებელია მოსარჩელის მხრიდან ზიანის ანაზღაურების წარმოშობის საფუძველი და მისი გაანგარიშების წესი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ე. დ-იას სარჩელი ი. გ-შვილის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის, ქონების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2009 8 აპრილს ე. დ-იამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით ე. დ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით ე. დ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
2009 წლის 26 ივნისს ე. დ-იამ საჩივრით მიმართა სააპელაციო პალატას რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით ე. დ-იას სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად. სარეზოლუციო ნაწილით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ამ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებაზე განცხადება (საჩივარი) შეიტანა ე.დ-იამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ ე. დ-იას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. დ-იას მიერ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განჩინებაზე შეტანილი განცხადება (საჩივარი) მიჩნეულ უნდა იქნეს კერძო საჩივრად, ვინაიდან განცხადება (საჩივარი) თავისი არსითა და შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე, კანონის თანახმად, შეიძლებოდა მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივარი, პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 31 ივლისს (ს.ფ. 208). ე. დ-იას კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2009 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, კერძო საჩივარი კი შეტანილია 2009 წლის 17 აგვისტოს, ე.ი. კერძო საჩივრის შეტანის 12 - დღიანი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12-დღიანი ვადა, რის გამოც ე. დ-იას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. დ-იას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.