¹ას-831-1146-07 19 დეკემბერი,2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ლ. გ-ა და ი. ს-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ფ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. ფ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-სა და ი. ს-ს მიმართ მოპასუხეთა და მათ თანმხლებ პირთა ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლით: 2004 წლის 23 აპრილს მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა ლ. გ-ს სახელზე რიცხული ქ. თბილისში, ... ქ.¹13-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული ბინა. უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში აღირიცხა მის საკუთრებად. ბ. ფ-ის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეები მის კუთვნილ ბინას არ ათავისუფლებენ, რითაც მხარეს საკუთრების უფლების განხორციელებაში ხელი ეშლება.
ლ. გ-მ და ი. ს-მ სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ ისინი ბინის აუქციონის წესით გასხვისებას არ ესწრებოდნენ, შესაბამისად, მათთვის აუქციონის შედეგები უცნობია. მათ არაერთგზის მოსთხოვეს მოსარჩელეს სადავო ბინის საკუთრების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა, რის შემდეგაც გაათავისუფლებდნენ ბინას, მაგრამ ბ. ფ-ს აღნიშნული არ განუხორციელებია.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ლ. გ-ა და ი. ს-ა თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებული იქნენ ქ. თბილისი, ... ქ. ¹13-ში ბ. ფ-ის საკუთრებაში რიცხული ბინიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მ და ი. ს-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ს და ი. ს-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ. ფ-ის სარჩელი მის საკუთრებად რიცხული ბინიდან მდებარე თბილისში, ... ქ. ¹13-ში (წილობრივი მონაცემით 19/202) ლ. გ-ს და ი. ს-ს გამოსახლების შესახებ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა სარჩელი ბინიდან თანმხლები პირების გამოსახლების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მ და ი. ს-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით ი. ს-ს და ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
2007 წლის 4 აპრილს ბ. ფ-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების განმარტება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით ბ. ფ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე აბზაცი განიმარტა: ლ. გ-ა და ი. ს-ა გამოსახლებული იქნენ ბ. ფ-ის საკუთრებად რიცხული ბინიდან მდებარე, ქ. თბილისი, ... ქ. ¹13.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. გ-მ და ი. ს-მ.
კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით სასამართლომ არასწორად განახორციელა გადაწყვეტილების განმარტება, რადგან ბ. ფ-ს სადავო საკითხი, კერძოდ: 19/202 წილობრივი მონაცემი რაიონულ სასამართლოში სარჩელის აღძვრიდან არსად არ არის მითითებული და შესაბამისად სასამართლო ინსტანციებმა სარჩელი დააკმაყოფილეს იმ ფარგლებში, რასაც ითხოვდა მხარე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ა და ი. ს-ა გამოსახლებული იქნენ ბ. ფ-ის საკუთრებად რიცხული ბინიდან მდებარე, ქ. თბილისი, ... ქ. ¹13.(წილობრივი მონაცემებით 19/202) ამავე პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით ბ. ფ-ის განცხადება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლოს აღმასრულებლის განცხადებით გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. აღნიშნული ნორმა მიზანშეწონილად მიიჩნევს გადაწყვეტილების განმარტებას იმ შემთხვევაში, როცა იგი ბუნდოვანია და შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გადაწყვეტილება არ იყო აღსრულებული, მხარის ინტერესს წარმოადგენდა სწორედ მისი აღსრულება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სარეზოლუციო ნაწილის მესამე აბზაცი. პალატა აღნიშნავს, რომ განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაფიქსირებულია წილობრივი მონაცემები. მისი შეცვლა განმარტების საფუძველზე შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიწვევს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას თვლის, რომ გადაწყვეტილების შინაარსის შეუცვლელად სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა განმცხადებლის მიერ მითითებული გადაწყვეტილება.
ამდენად არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. გ-ს და ი. ს-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის
2007 წლის 14 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.