ას-831-1194-06 12 მარტი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ნ. ფ-ა, ზ. გ-ა, ი. ჩ-ა (განმცხადებლები)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “წ...”, სს “ნ...”
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების განხილვა
დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ფ-მ, ზ. გ-მ და ი. ჩ-მ განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით განმცხადებლებს დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლისა და 426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი განცხადების წაროსადგენად, კერძოდ, სასამართლოს მითითებით, მხარე გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “გ” და “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე, თუმცა არ უთითებდა სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებულ მხარეთა, მოსამართლეთა თუ სხვა პირთა დანაშაულებრივ ქმედებაზე ან ისეთი სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ სხვა ორგანოს დადგენილების გაუქმებაზე, რომელსაც გასაჩივრებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ემყარებოდა. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, მითითებული განჩინების ასლები მხარეებს 2006 წლის 28 სექტემბერს ჩაბარდათ, თუმცა მათ ხარვეზის შევსების მიზნით სასართლოსათვის არ მიუმართავთ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ნ. ფ-ს, ზ. გ-სა და ი. ჩ-ს განცხადება დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილით და ჩათვალა, რომ განმცხადებლებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ფ-მ, ზ. გ-მ და ი. ჩ-მ შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და მათი განცხადების განხილვა. სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზთან დაკავშირებით მხარეებმა განმარტეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის დაცვის ფაქტი დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ნ. ფ-ს, ზ. გ-სა და ი. ჩ-ს განცხადება მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მიეცათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა მის გამოსასწორებლად.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, აღნიშნული განჩინების ასლები მხარეებს ჩაბარდათ 2006 წლის 28 სექტემბერს, თუმცა მათ სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავთ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ნ. ფ-ს, ზ. გ-სა და ი. ჩ-ს განცხადება დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ განცხადება ამავე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლებს მიეცათ ვადა არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც მათ არ განუხორციელებიათ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მათი განცხადება მართებულად დატოვა განუხილველი და კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა მისი გაუქმების შესახებ საფუძველს მოკლებულია.
რაც შეეხება კერძო საჩივრის მითითებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის დაცვის შესახებ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი მხარეებს უნდა გამოესწორებინათ და მითითებულ საკითხებზე თავისი მოსაზრება წარედგინათ სააპელაციო პალატისათვის ხარვეზის განჩინებაში დადგენილი ვადის დაცვით, რაც არ მომხდარა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ს, ზ. გ-სა და ი. ჩ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ფ-ს, ზ. გ-სა და ი. ჩ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.