Facebook Twitter

ას-832-1118-09 22 ოქტომბერი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“

წარმომადგენელი – ტ. მ-ასი

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. და ი. ჭ-ძეები

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ უფლებამონაცვლის დადგენა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა

\

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და სს „კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 57 030 ლარის ანაზღაურება.

2009 წლის 24 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ვ. და ი. ჭ-ძეებმა და მიუთითეს, რომ მათი დედა _ დ. ქ-ძე გარდაიცვალა 2008 წლის პირველ აგვისტოს. მათ, როგორც დედის პირველი რიგის მემკვიდრეებს, მიღებული აქვთ სამკვიდრო მოწმობა. ასევე ისინი საჯარო რეესტრში თანამესაკუთრეებად არიან დარეგისტრირებულნი სოფელ უჯარმაში მდებარე დედის დანაშთ უძრავ ქონებაზე და მიწის ნაკვეთზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებმა მოითხოვეს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის მათზე გაცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით ვ. და ი. ჭ-ძეების განცხადება დაკმაყოფილდა, განმცხადებლები ცნობილ იქნენ დ. ქ-ძის უფლებამონაცვლეებად და დადგინდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტლებაზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ დ. ქ-ძის უფლებამონაცვლეების _ ვ. და ი. ჭ-ძეების სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლი და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციამ” და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ დამთავრებული იყო გაკოტრების საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში, (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

აღნიშნული ნორმის თანახმად, უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს.

განსახილველ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის საფუძველს წარმოადგენს მოქალაქის გარდაცვალება. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახამდ, გარდაცვლილი პირის ქონების გადასვლა სხვა პირებზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული მუხლების შესაბამისად, ვ. ჭ-ძე და ი. ჭ-ძე, როგორც დ. ქ-ძის კანონიერი მემკვიდრეები, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო დ. ქ-ძის უფლებამონაცვლეებად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის საფუძველს წარმოადგენდა უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში და შესაბამისი მატერიალური სამართლის ნორმის თანახმად, დასაშვები იყო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს რომ ვინაიდან სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ დამთავრებული იყო გაკოტრების საქმის წარმოება, სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი არ უნდა გაეცა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი არ გაცემულა.

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია, ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა.

ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში დასახელებეული კრედიტორის _ დ. ქ-ძის უფლებამონაცვლე პირთა ვინაობა ნათელია და დადასტურებულია სათანადო უფლებამოსილი ორგანოს მიერ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად გასცა სააღსრულებო ფურცელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.