Facebook Twitter

ას-832-1195-06 30 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ხ. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ტ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ უფლებამონაცვლედ და მემკვიდრედ ცნობა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ა-მა 2004 წლის აგვისტოში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ვ. ტ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის ცნობა აწგარდაცვლილი მეუღლე ვ. ბ-ის უფლებამონაცვლედ. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 10570 ლარის გადახდა. ვ.ბ-ი 2004 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი პირველი რიგის მემკვიდრეა მისი მეუღლე ვ. ტ-ე, რომელიც მისი უფლებამონაცვლეა სამართლებრივ ურთიერთობაში, რაც დადგენილია გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით.

ხ.ა-მა სარჩელით მოითხოვა ასევე მოპასუხე ვ. ტ-ის მემკვიდრედ ცნობა ვ. ბ-ის სამკვიდრო ქონებაზე, კერძოდ, საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე გორის რაიონის სოფელ ...ში, ამავე სოფელში მდებარე მიწის ნაკვეთზე ფართით 0,36 ჰა და ტრაქტორ “... 11”-ზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ხ. ა-ის სარჩელი მოპასუხე ვ. ტ-ის მიმართ უფლებამონაცვლედ და მემკვიდრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით აპელანტს ხ. ა-ს ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ხ.ა-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ხ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მისი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლზე მითითებით დადგენილად ჩათვალა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2006 წლის 28 სექტემბერს, ხარვეზის შევსების ვადა კი ამოიწურა 2006 წლის 9 ოქტომბერს. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხეთე ნაწილი და 374-ე მუხლი და მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოაწორა, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ხ. ა-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინება მას ჩაბარდა 2006 წლის 14 ოქტომბერს, რაც დასტურდება შპს “საქართველოს ...” ფილიალი “ .. ..” 2006 წლის 31 ოქტომბრის ¹148 წერილით და ¹14 ბრძანების ამონაწერით, რომლითაც საყვედური გამოეცხადა ფოსტის ოპერატორ-ფოსტალიონს ე.მ-ს ხ.ა-სათვის საფოსტო შეტყობინების დაგვიანებით ჩაბარების გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ხ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის, ვადა. აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა 2006 წლის 11 სექტემბერს. საქმის ფურცელ 132-ზე წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის შეტყობინების თანახმად ირკვევა, რომ მას ზემოაღნიშნული განჩინება პირადად ჩაბარდა 2006 წლის 28 სექტემბერს. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ათდღიანი ვადა ამოიწურა 2006 წლის 9 ოქტომბერს, აპელანტმა კი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჩაიბარა 2006 წლის 14 ოქტომბერს, რის დასადასტურებლად წარმოადგინა საქართველოს ფოსტის ფილიალის “.. ..” მიერ გაცემული ¹148 და ¹326 ცნობები იმის შესახებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ¹558 შეკვეთილი წერილი ხ.ა-ს ფოსტის თანამშრომელმა ჩააბარა დაგვიანებით, კერძოდ, 2006 წლის 14 ოქტომბერს, რისთვისაც საყვედური გამოეცხადა ფოსტის თანამშრომელს ე.მ-ს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს.ფ. 132-ზე წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის შეტყობინებაზე ხ.ა-ის ხელმოწერით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მან ხარვეზის ვადის გაგრძელების განჩინება ჩაიბარა 2006 წლის 28 სექტემბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ხ.ა-მა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ვინაიდან, ხ.ა-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხ.ა-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.