Facebook Twitter

საქმე №116აგ-17 2 აპრილი, 2018 წელი

დ. ვ., 116აგ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. დ. ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ. დ--ა და ი. ჩ. საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ვ. დ., - -, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები მთლიანად შეიკრიბა და საბოლოოდ ვ. დ-ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2010 წლის 20 აპრილიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. დ. ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ჩ., შ. დ-ა და მ. ნ. საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2017 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულ ვ. დ. ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ი. ჩ-მ და შ. დ-მ, რომლებმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვეს ვ. დ. მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ვ. დ., გ. ქ., ალ. ვ. და რ. ჯ. ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ცლაკე წარმოებად გამოეყო მ. ჟ-, კ. ჩ., ი. ღ. და დ. ბ. ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2010 წლის 29 დეკემბერს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ვ. დ-ა და სხვათა მიმართ, მაშინ, როდესაც იმავე მტკიცებულებების საფუძველზე, გამოყოფილ საქმეზე 2016 წლის 11 ნოემბერს მ. ჟ., კ. ჩ. და ი. ღ. 2016 წლის გადაწყვეტილებით გამართლდნენ. სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულთა ჩვენებები, რომლებითაც ისინი არა მარტო ვ. დ-ს, რ. ჯ., გ. ქ. და ა. ვ. „ამხელდნენ“ თითქოსდა დანაშაულის ჩადენაში, არამედ - გამართლებულ მ. ჟ-ს, ი. ღ-სა და კ. ჩ-ც. აღნიშნული განაჩენი ბრალდების მხარემ არ გაასაჩივრა.

5. შუამდგომლობის ავტორების მითითებით, ვ. დ. მიმართ უკანონოდ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად მოსამართლეს სწორედ ის მტკიცებულებები მოჰყავს, როგორც „უტყუარად მიჩნეული,“ რომლებიც 2016 წლის განაჩენით სხვა სასამართლო შემადგენლობამ მ. ჟ., ი. ღ. და კ. ჩ. მიმართ წარდგენილი ბრალდების მტკიცებულებად არასაკმარისად მიიჩნია და გაამართლა ისინი, ხოლო მანამდე 2012 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით დ. ბ. მიმართ, პროკურორის შუამდგომლობით შეწყდა საქმის წარმოება. ვ. დ. ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე დაშვებულია არაერთი დარღვევა, გაყალბებულია მტკიცებულებები, სხდომის ოქმები და გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში პროცესის მწარმოებელ პირთა მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული.

6. შუამდგომლობის ავტორები ითხოვენ მ. ჟ., ი. ღ. და კ. ჩ. მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე ვ. დ. მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. კასატორები, მსჯავრდებულ ვ. დ. ინტერესების დამცველი ადვოკატები - შ. დ. და ი. ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის არსებითად განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებას მასში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. კასატორის მიერ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, მათ შორის - მ. ჟ., ი. ღ. და კ. ჩ. მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის გამამართლებელ განაჩენზე, პროცესის მწარმოებელ პირთა მიერ მტკიცებულებათა გაყალბებისა და უკანონო გარიგების ფაქტებზე პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ რაიმე ისეთი გარემოება რაც საკასაციო პალატას ზემოხსენებულ საკითხებზე განმეორებით მსჯელობის საფუძველს მისცემდა, კასატორს არ მიუთითებია.

3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინება მსჯავრდებულ ვ. დ. ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ჩ-ა და შ. დ. შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. დ. ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ. დ-ა და ი. ჩ. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ვ. დ. ინტერესების დამცველი ადვოკატების -ი. ჩ-ა და შ. დ. შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე