Facebook Twitter

ას-834-1149-07 8 ნოემბერი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. დ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. პ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო ნაგებობის დემონტაჟი, ხელშეშლის აღკვეთა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. დ-ს მიმართ უკანონო ნაგებობის დემონტაჟის, ხელშეშლის აღკვეთისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ა. პ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ე. დ-ს დაევალა ა. პ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე თბილისში, ... ქუჩა ¹67-ში განლაგებული და ე. დ-ს მფლობელობაში არსებული 47 კვ.მ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა მესაკუთრე ა. პ-ს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. დ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 სქეტემბრის განჩინებით ე. დ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. დ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. დ-ს კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა 12 დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში, ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე და მესამე წინადადებების შესაბამისად, სასამართლო უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საფოსტო შეტყობინების თანახმად კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ _ ც. ქ-ს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 26 სექტემბერს, ხოლო _ მეორე წარმოადგენელ ს. მ-ს 2007 წლის 13 ოქტომბერს. ე. დ-ს მიერ მოცემული განჩინება გასაჩივრებულია 24 ოქტომბერს. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის თორმეტდღიანი ვადა, ვინაიდან კერძო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს 2007 წლის 26 სექტემბრიდან, იმ დროიდან როდესაც გასაჩივრენული განჩინების ასლი ჩაბარდა წარმომადგენელს, ამდენად ე. დ-ს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2007 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. დ-ს კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. დ-ს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.