№595აპ-17 ქ. თბილისი
ო. ქ., 595აპ-17 13 აპრილი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - გიორგი ლობჯანიძის
ადვოკატ - მ--- ნ------ის
მსჯავრდებულ - ქ------ ო------ს
საპროცესო წარმომადგენელ - ლ. ღ-ის
თარჯიმან - ი. ნ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ქ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განაჩენით ქ. ო., - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 13 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 8 წლით, 6 თვითა და 7 დღით.
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, საქმეზე უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად არასრულწლოვნის ფსიქიატრიული გამოკვლევა; ინდივიდუალური სარეაბილიტაციო მუშაობა ემოციებისა და იმპულსური ქცევის მართვის მიმართულებით; ოჯახის მხარდაჭერა სათანადო აღმზრდელობითი მიდგომის განსაზღვრის, განათლების მიღების შესაძლებლობისა და ოჯახური კონფლიქტური ურთიერთობების დარეგულირების კუთხით.
ქ. ო-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 მაისიდან.
2. ქ. ო-ს ბრალად დაედო დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 1 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ო-მა გ. რაიონის სოფელ ყ., ს. მ-ას მიწის ნაკვეთში, დანის გულმკერდში ერთხელ დარტყმით, შურისძიების მოტივით განზრახ მოკლა 16 წლის რ. მ..
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ქ. ო-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ-მა. აპელანტებმა ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ქ. ო-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაკვალიფიცირება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ჯ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, ქ. ო-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაკვალიფიცირებასა და, შესაბამისად, უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას, შემდეგი მოტივებით: საქმის მასალებით მხოლოდ ის გარემოება დასტურდება, რომ ქ. ო-მა გამოიყენა დანა და მისი განზრახვა დადასტურებული არ არის; რ. მ-ს მხოლოდ ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული; ქ. ო-მა განაცხადა, რომ რ. მ-მა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ყელში ხელის მოჭერით აგრძელებდა ძალადობას, რა დროსაც მან მოგერიების მიზნით მოუქნია დანა და წინასწარ განზრახული არ ჰქონია, მისთვის გულმკერდში დარტყმა; ქ. ო-მა რ. მ-ს დანა მეორედ აღარ დაარტყა და გაიქცა, რაც ბუნებრივია, ვინაიდან ბავშვია და შეეშინდა; ინდივიდუალური შეფასების ანაგრიშის თანახმად, მოზარდს დანა პროფესიული საქმიანობის მიზნით სჭირდებოდა და მას ნათესავთან საუბრის დროს სამუშაო ტანსაცმელი ედო.
6. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა - ქ. ო-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება; პროკურორმა გიორგი ლობჯანიძემ ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ქ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ის პოზიციები, რომლებიც დაცვის მხარემ თავის საჩივარსა და საკასაციო პალატის სხდომაზე წარმოადგინა, არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
2. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას და განმარტავს, რომ ქ. ო-ს რ. მ-ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. აღნიშნულ პოზიციას საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან მკვლელობის განზრახვის ნამდვილობას (ქ. ო-ს უარყოფის მიუხედავად) ადასტურებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი, კერძოდ:
3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მ. გ-სა და მ. მ-ს უდავოდ ცნობილი ჩვენებებით დასტურდება, რომ შემთხვევამდე ქ. ო-სა და რ. მ-ს შორის არსებობდა გარკვეული უთანხმოება. მ. გ-ს ჩვენების მიხედვით, შემთხვევის დღეს ქ. ო. მასთან სახლში აკანკალებული მივიდა და უთხრა, რომ მის დეიდაშვილს - რ. მ-ს (რომელიც მის დაზე ავრცელებდა, რომ იყო უწესო ყოფაქცევისა და მასთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი) ეჩხუბა. რ. მ-მა ქ. ო-ს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა რ. მ-ს გულში დაარტყა დანა. მ. მ-მა კი განმარტა, რომ მისი ძმის მკვლელობამდე სამი დღით ადრე იგი პირადად შეესწრო, თუ როგორ კამათობდნენ რ-ი და ქ-ი.
4. გასათვალისწინებელია ქ. ო-ს ქმედებები დანაშაულის ჩადენის შემდეგ. დაცვის მხარემ მიუთითა, რომ ქ. ო-ს მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, რ. მ-ს დანას მხოლოდ ერთხელ არ დაარტყამდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მკვლელობის განზრახვა არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ მიყენებული დაზიანებების სიმრავლით. მნიშვნელოვანია აგრეთვე დადგინდეს, თუ რა პირობებში დატოვა დამნაშავემ დაზარალებული, სად მდებარეობს დანაშაულის ჩადენის ადგილი, დღის რა მონაკვეთში ჩაიდინა პირმა დანაშაული და ა.შ.. წარმოდგენილი საქმის მასალებით ქ. ო-მა გულმკერდის ღრუში დანის დარტყმის შემდეგ, ღამის საათებში, ს. მ-ას სახლის უკან მდებარე მიწის ნაკვეთში რ. მ. მარტო დატოვა. ქ. ო-ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილზე მათ გარდა, სხვა არავინ იმყოფებოდა. აღნიშნულის შემდეგ მსჯავრდებული არ დაუკავშირდა სასწრაფო დახმარებას. იგი მის მეგობართან - მ. გ-თან მივიდა, უამბო მომხდარის თაობაზე, ცოტა ხანს ტელევიზორს უყურა და დაიძინა.
5. მოწმეების - მ. მ-სა და ა. მ-ს უდავოდ ცნობილი ჩვენებებით დადასტურებულია, რომ როდესაც რ. მ-ს ახლო ნათესავებმა ქ. ო-ს მიაკითხეს, თხოვნის მიუხედავად, რ. მ-ს ადგილსამყოფლის თაობაზე მსჯავრდებული თავდაპირველად „აგდებულად“ პასუხობდა, ხოლო როდესაც გაამხილა დანის დარტყმის ფაქტი, საკუთარი ქმედება დადებითად შეაფასა.
6. საკასაციო პალატა მკვლელობის განზრახვის დამადასტურებლად ასევე მიიჩნევს რ. მ-ს სხეულზე მიყენებული დაზიანების მდებარეობასა და ჭრილობის არხის სიგრძეს, კერძოდ:
7. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №- დასკვნას, რომლის თანახმადაც, რ. მ-ს სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენით. გამოკვლევის მომენტისთვის სიკვდილიდან გასულია 4–5 საათი. რ. მ-ს გვამზე გამოკვლევით აღინიშნება ერთი სიცოცხლის დროინდელი ნაჩხვლეტ–ნაკვეთი ჭრილობა გულ–მკერდის წინა ზედაპირზე, შემავალი გულმკერდის ღრუში მარცხნივ, მარცხენა ფილტვისა და მარჯვენა წინაგულის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავ–მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის ქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს, პირდაპირ უკავშირდება დამდგარ შედეგსა და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
8. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა მ. ლ-ემ. მისი განმარტებით, რ. მ-სათვის მიყენებული ჭრილობის არხის სიგრძე 10 სმ–ია.
9. დაცვის მხარე საკუთარი პოზიციის სამტკიცებელ ერთ-ერთ არგუმენტად საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ქ. ო-მა დანა რ. მ-ს ფიზიკური ძალადობის მოსაგერიებლად გამოიყენა. საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ დაეთანხმება, ვინაიდან იგი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ქ. ო. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს და დაკავების ოქმში აღწერილი დაზიანებები, მისივე განმარტებით, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც რ. მ-ს მიერ ქ. ო-სათვის ფიზიკური ძალადობის ფაქტს დაადასტურებდა.
10. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ქ. ო-ს მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის - რ. მ-ს განზრახ მკვლელობას.
11. რაც შეეხება ქ. ო-სათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს.
12. საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლის თანახმადაც ქ. ო. ხასიათდება როგორც თავშეკავებული, პატიოსანი და შრომისმოყვარე პიროვნება.
13. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, რომ სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ - არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
14. შესაბამისად, ქ. ო-სათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმი (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე ვადით) ჩადენილი ქმედებისა და ქ. ო-ს მდგომარეობის, მისი მოთხოვნილების თანაზომადია და ემსახურება არასრულწლოვნის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას ქ. ო-ს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.
15. ამასთან, ვინაიდან პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს (მის უფლებამონაცვლეს) - ა. მ-ს არ განმარტებია საქართველოს კანონის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, საკასაციო პალატა მითითებული ნორმის საფუძველზე მას აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის შედეგებს და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ქ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე