13I-18 ქ. თბილისი
მ. ე., 13I-18 27 აპრილი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან _ კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ დემეტრე ჯინჯოლიას
ადვოკატ _ ხ. ჩ.
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ე. მ.
თარჯიმან _ ნ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. მ. ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ჩ. საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, 2016 წლის 23 იანვარს, 01:50 საათზე, ე. მ. და მ. ი. მივიდნენ ქ. რაიონის ს. უბანში მდებარე, დაზარალებულების - ა. ე., ა. ს. და რ. ი. სტუდენტთა საცხოვრებელ ბინაში და დაადგინეს, რომ ა. ე. იმ დროისათვის ბინაში მარტო იმყოფებოდა. იმავე დღეს, გარკვეული დროის შემდეგ, ე. მ. და მ. ი. კვლავ მივიდნენ ხსენებულ ბინაში და ა. ე. მიერ კარის გაღების შემდეგ ძალის გამოყენებით შეაღწიეს შიგ. ისინი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ბინიდან წაიღეს ა. ე. კუთვნილი მობილური ტელეფონი, ა. ს. და რ. ი. კუთვნილი 2 პორტატული კომპიუტერი და ბინაში არსებული დანა. ე. მ-მ და მ. ი. ა. ე. დანის გამოყენებით დააშინეს და გამოკეტეს აბაზანაში.
2. 2016 წლის 3 ნოემბერს თ. რესპუბლიკის ქ. საქალაქო მესამე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ე. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ. რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,დ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით (კვალიფიციური ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით, საცხოვრებელ ბინაში, ღამის საათებში) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების შეზღუდვა, ჩადენილი მუქარის ან ძალადობის და იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის სასჯელის სახედ და ზომად შესაბამისად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 წლითა და 4 თვით.
3. 2017 წლის 17 იანვარს თ. რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნულმა განაჩენმა მიიღო საბოლოო სახე.
4. 2017 წლის 2 თებერვალს თ. რესპუბლიკის ქ. საქალაქო მესამე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ე. მ-ათვის დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ე. მ. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 4 თვით.
5. 2017 წლის 2 თებერვალს თ. რესპუბლიკის ქ. რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ბრძანება ე. მ. დაკავების შესახებ.
6. 2017 წლის 7 ივნისს ე. მ. მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
7. 2017 წლის 13 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო თ. რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა ე. მ. ექსტრადიციის თაობაზე.
8. 2017 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ. რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ძებნილი ე. მ..
9. 2017 წლის 29 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ე. მ. მიმართ გამოყენებულ იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით, რომელიც 2018 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 26 აპრილამდე.
10. 2018 წლის 30 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ე. მ. ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 24 იანვრის განჩინების შეცვლის თაობაზე.
11. 2018 წლის 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ე. მ. მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 26 ივლისამდე.
12. 2018 წლის 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. მ. თ. რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თ. რესპუბლიკის ქ. საქალაქო მესამე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თ. რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,დ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით (კვალიფიციური ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით, საცხოვრებელ ბინაში, ღამის საათებში) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების შეზღუდვა, ჩადენილი მუქარის ან ძალადობის და იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით).
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით დასაშვებად ცნო ე. მ. ექსტრადიცია თ. რესპუბლიკაში მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თ. რესპუბლიკის ქ. საქალაქო მესამე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის განაჩენისათვის, განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თ. რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,დ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით (კვალიფიციური ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით, საცხოვრებელ ბინაში, ღამის საათებში) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების შეზღუდვა, ჩადენილი მუქარის ან ძალადობის და იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით).
14. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. მ. ადვოკატი ხ. ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით:
თ. რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ე. მ. სიცოცხლესა და ჯანმრთელობას კერძო პირებისგან საფრთხე ემუქრება, რის შესახებაც მას დედამ მიაწოდა ინფორმაცია სატელეფონო საუბრისას; თურქეთში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას აქვს მასშტაბური ხასიათი; ე. მ. დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე; სასამართლოში მიმდინარეობს ე. მ-თვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ. რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. მ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 26 ოქტომბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ე. მ. მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თ. რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ თ. რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში გარკვეულ ფიზიკურ პირთა მხრიდან მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მსგავსი მტკიცების საფუძველი. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც რეალურად მიანიშნებდა მსგავსი საფრთხის არსებობაზე. ამასთან, არ არსებობს მტკიცების რაიმე საფუძველი, რომ თ. რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ე. მ. დაცვას მის მიმართ კერძო პირთაგან საფრთხის არსებობის შემთხვევაში.
6. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მისი ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს თურქეთში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის მასშტაბური ხასიათის გამო, ვინაიდან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, EctHR, 72-73).
7. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინების შესახებ და, შესაბამისად, ექსტრადიციის შეუსაბამობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ნაგულისხმევ ვალდებულებებთან, პალატა აღნიშნავს:
წარმოდგენილი მასალების თანახმად, 2017 წლის 14 დეკემბერს ე. მ-თან ჩატარდა გასაუბრება, მისი თ. რესპუბლიკაში ექსტრადიციის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ხსენებული გასაუბრებისას ე. მ-მ აღნიშნა, რომ მას საქართველოში ოჯახური კავშირები არ გააჩნია. ამასთანავე, განმარტა, რომ თ. რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი მშობლები, და და ძმა. ხსენებული გარემოებები დადასტურებულია ე. მ-ა და მისი ადვოკატის მიერ შესაბამის ოქმზე ხელის მოწერით.
აღნიშნულის შემდეგ ე. მ-მ იქორწინა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 20 დეკემბრიდან ე. მ------ და საქართველოს მოქალაქე ვ. ხ. არიან დაქორწინებულები. ამავე ინფორმაციის თანახმად, ე. მ-ა და ვ. ხ.- საერთო შვილები არ ჰყავთ, ხოლო ვ. ხ. ჰყავს შვილი - ლ. ხ.
საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ თ. რესპუბლიკა არის საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფო და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. ვ. ხ. სრული შესაძლებლობა ექნება, ბიუროკრატიული და შორი მგზავრობით გამოწვეული დაბრკოლებების გარეშე, იმოგზაუროს თ. რესპუბლიკაში ე. მ. მოსანახულებლად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2009-2018 წლების განმავლობაში ვ. ხ. საქართველოსა და თ. რესპუბლიკის საზღვარი 94-ჯერ გადაკვეთა. ამდენად, მას თ. რესპუბლიკაში მოგზაურობისათვის დაბრკოლებები არ ექმნება.
8. ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ასევე სასამართლოში ე. მ-თვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის განხილვის მიმდინარეობა, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ე. მ. ექსტრადიცია თ. რესპუბლიკაში მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თ. რესპუბლიკის ქ. საქალაქო მესამე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის განაჩენისათვის, განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თ. რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,დ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით (კვალიფიციური ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით, საცხოვრებელ ბინაში, ღამის საათებში) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების შეზღუდვა, ჩადენილი მუქარის ან ძალადობის და იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. მ. ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ჩ. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. სილაგაძე