განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-837-1151-07 30 იანვარი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ე-ური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე –მ. ნ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი – დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2005 წლის 29 ივნისს სარჩელით მიმართა მ. ნ-ძემ მოპასუხე მ. ე-ურის მიმართ დავალიანების გადახდის თაობაზე. თავის მხრივ მოპასუხე მ. ე-ურმა წარმოადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა 2003 წლის 12 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ნ-ძის სარჩელი, ხოლო მ. ე-ურის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ე-ურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებთ განუხილველი დარჩა მ. ე-ურის სააპელაციო საჩივარი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.05.2007 წ. განჩინებით აპელანტ მ. ე-ურს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2007წ. 22 ივნისის განჩინებით აპელანტ მ. ე-ურს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა 10 დღით. აღნიშნული განჩინების ასლი მ. ე-ურსა და მის წარმომადგენელს ლ. წ-ურს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. განჩინების ასლი ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის – ლ. წ-ურის რძალს, ხოლო თავად აპელანტ მ. ე-ურისათვის გაგზავნილი გზავნილი მასზე გადასაცემად 2007 წლის 28 ივნისს ჩაიბარა მისმა სრულწლოვანმა შვილმა შორენა სეთურიძემ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა განჩინებით მითითებული ხარვეზი კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასჩივრა მ. ე-ურმა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით იგი არის უმუშევარი, ყავდა პატიმარი მეუღლე, სტუდენტი შვილები და პენსიონერი, ავადმყოფი დედამთილი, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში თან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი ნაწილი 20 ლარის ოდენობით, ხოლო მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლო მეტის გადახდა რის გამოც ითხოვა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა აღნიშნულზე ისე დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მას მართალია ჩაბარდა ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება, მაგრამ ამ პერიოდში ციხეში გარდაეცვალა პატიმარი მეუღლე და ვერ მიიღო ვერანაირი ზომები, რის გამოც მოითხოვს გააუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, თანახმად თუ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წ 21 მაისის განჩინებით აპელანტ მ. ე-ურს განჩინებით დაევალა ამ განჩინების გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსება (ს.ფ. 79). ამავე პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა. აღნიშნული განჩინება მ. ე-ურს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (ს.ფ.99). ასევე დადგენილია, რომ ამავე პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით მ. ე-ურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან აპელანტმა მ. ე-ურმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მან ხარვეზის შევსება ვერ შეძლო, ვინაიდან ამ პერიოდში ციხეში გარდაეცვალა პატიმარი მეუღლე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მ. ე-ურის მეუღლის გარდაცვალების მოწმობიდან ირკვევა, რომ იგი გარდაიცვალა 2007 წლის 26 აგვისტოს (ს.ფ.124-125) ხოლო, სააპელაციო პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინება ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების შესახებ მ. ე-ურს ჩაბარდა 2007 წლის 28 ივნისს და იგი უნდა შეევსო ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულება არ შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ე-ურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.