Facebook Twitter

ას-837-1198-06 19 მარტი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. გ-ე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ქ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი _ განქორწინება, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენა, ალიმენტის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ქ-ის მიმართ განქორწინებისა და არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის შესახებ.

ლ. ქ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. გ-სათვის მხარეთა საერთო არასრულწლოვანი შვილის _ ნ. გ-ის სარჩენად ალიმენტის _ თვეში 150 ლარის დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა და ი. გ-ს განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი, ლ. ქ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ი. გ-ს მის სასარგებლოდ შვილის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის _ თვეში 150 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. გ-მ ალიმენტის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა ალიმენტის ოდენობის თვეში 70 ლარამდე შემცირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ი. გ-ს დაეკისრა ალიმენტის _ ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა. სააპელაციო საჩივრით იგი ითხოვს საალიმენტო თანხის შემცირებას 70 ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენს 960 ლარს, რაც კანონით გათვალისწინებულ ზღვრულ 1000 ლარს არ აღემატება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. გ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილა მხარეთა დასწრების გარეშე, რის გამოც აპელანტს შესაძლებლობა არ მიეცა სასამართლო სხდომაზე დაეზუსტებინა თავისი მოთხოვნა, კერძოდ, სააპელაციო საჩივრით ი. გ-ს უნდა მოეთხოვა სადავო ალიმენტის არა 70, არამედ 85 ლარამდე შემცირება, რის შედეგად სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება იქნებოდა 1020 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ს დაეკისრა ნ. გ-ის სარჩენად ალიმენტის _ ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა, რაც ი. გ-მ ალიმენტის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა ალიმენტის ოდენობის თვეში 70 ლარამდე შემცირება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლითა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელთა თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამასთან, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით.

მოცემულ შემთხვევაში ი. გ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 960 ლარს, რაც ზემოხსენებული ნორმებით დადგენილ ზღვრულ ოდენობას _ 1000 ლარს არ აღემატება და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ იგი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპირებდა თავისი მოთხოვნის დაზუსტებას, რის შედეგად სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1020 ლარამდე გაიზრდებოდა, ვინაიდან აპელანტს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. აღნიშნულ პერიოდში სააპელაციო სასამართლომ, კანონით დადგენილ სხვა საფუძვლობთან ერთად, უნდა შეამოწმოს შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი 365-ე მუხლის მოთხოვნას, რაც ხორციელდება სააპელაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნის მოცულობის შესაბამისად. ამდენად, ი. გ-ის ზემოხსენებული არგუმენტი დაუსაბუთებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.