საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ ას-839-1152-07 15 თებერვალი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ-რია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სამტრედიის ¹5 საჯარო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-რიამ 2007 წლის მარტში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სამტრედიის ¹5 საჯარო სკოლის მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, ასევე შელახული პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის აღდგენა. მოსარჩელის მითითებით, იგი 2007 წლის 15 თებერვლამდე მუშაობდა სამტრედიის ¹5 საჯარო ...ის პედაგოგად. 2007 წლის 15 თებერვლის ბრძანებით იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან, რაც მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად შემდეგ გარემოებათა გამო: ბრძანების საფუძველი გახდა მოსწავლეთა საჩივარი და პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი, თუმცა ბრძანებაში მითითებული არ არის სკოლის რომელ ორგანოში, დირექტორთან თუ სამერვეო საბჭოში შევიდა მოსწავლეთა განცხადება მისი სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო სკოლის წესდების მე-15 მუხლში მითითებულია, რომ მოსწავლეთა საჩივარი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევისას შედის სკოლის დირექტორთან, რომელიც მას განიხილავს ორი კვირის ვადაში. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ განცხადება განხილულ იქნა კრებაზე რომელზეც მოსწავლეებმა და მშობლებმა მოითხოვეს გ. მ-რიას სამუშაოდან გათავისუფლება. მოსარჩელის მითითებით, საჯარო სკოლის წესდებით მშობელთა კრება არ არის კომპეტენტური გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედება ბრძანებას მასწავლებლის განთავისუფლების თაობაზე. გ. მ-რიას განმარტებით, დირექტორმა ბრძანების გამოცემისას დაარღვია საჯარო სკოლის წესდების მე-15-ე მუხლი, “საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-6 ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 95-ე მუხლის მეორე ნაწილი და 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. მისი აზრით აღნიშნული მუხლების დარღვევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია და მან მოითხოვა 2007 წლის 15 თებერვლის ¹25 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით გ. მ-რიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. მ-რიას წარმომადგენელმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინებით გ. მ-რიას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივლისის განჩინებით გ. მ-რიას სააპელაციო საჩივარი განსჯადობით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. მ-რია ვერ აკმაყოფილებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნას, იგი არ არის შეყვანილი საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო მოსამსახურეთა რეესტრის ჩამონათვალში და შესაბამისად არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ განმარტა რომ გ. მ-რიას სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი უნდა განიხილოს სამოქალაქო საქმეთა განმხილველმა სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის დებულებათა საფუძველზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით, გ. მ-რიას სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დაენიშნა 7 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
გ. მ-რიამ 2007 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მატერიალური სიდუხჭირის გამო და წარმოადგინა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება და პენსიის შესახებ ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 აგვისტოს განჩინებით გ. მ-რიას სააპელაციოს საჩივრის ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით.
გ. მ-რიამ 2007 წლის 12 სექტემბერს კვლავ მიმართა განცხადებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადახდის გადავადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ. მ-რიას სააპელაციოს საჩივრის ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით გ. მ-რიას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მას ხარვეზის შევსების თაობაზე სააპელაციო პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინება ჩაბარდა 2007 წლის 21 სექტემბერს, მის წარმომადგენელს ხ. თ-ს კი 2007 წლის 23 სექტემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით განსაზღვრული წესების დაცვით. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან, გ. მ-რიამ გაუშვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 21 დღიანი ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. მ-რიამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველი მისი სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით, რომ გ. მ-რიამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო ხარვეზის შევსება, სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მან კერძო საჩივარში მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა სასამართლოს გადაედო სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, რადგან მის შემოსავალს წარმოადგენს პენსია, რომელიც საკმარისი არ არის სახელმწიფო ბაჟის დასაფარავად და დრო სჭირდებოდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს უფლებას აძლევს, მხარეს ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაუვადოს სახელწიფო ბაჟის გადახდა. გ. მ-რია ასევე მიუთითებს რომ, აღნიშნული საქმე განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, ხოლო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტის ბათილობის თაობაზე მოთხოვნები განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი საქმე განსახილველად გადაუგზავნა სამოქალაქო საქმეთა პალატას, ამის საფუძვლად კი ის გარემოება მიუთითა, რომ პედაგოგი გ. მ-რია არ არის შეტანილი პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო მოსამსახურეთა რეესტრის ჩამონათვალში და შესაბამისად არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს. კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “გ” ქვეპუნქის შესაბამისად მიუთითა, რომ თუ საქმე განსჯადობის დარღვევით იყო განხილული, მოსამართლეს გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. მ-რიას კერძო საჩივარი ნაწილობრვ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე გ. მ-რიას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. მ-რიამ 2007 წლის 12 სექტემბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადახდის გადავადება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ. მ-რიას სააპელაციოს საჩივრის ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება გ. მ-რიას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რადგან სააპელაციო პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში ერთის მხრივ მიუთითა, რომ გ.მუქერიამ 2007 წლის 12 სექტემბერს მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, მაგრამ საერთოდ არ იმსჯელა ამ შუამდგომლობის თაობაზე; სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა მხოლოდ, რომ 2007 წლის 17 სექტემბერს აპელანტს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებაშიც სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა გ.მუქერიასათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლიანობაზე; სასამართლომ მხოლოდ მიუთითა, რომ გ.მუქერიას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ ათავისუფლებენ პირს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (ს.ფ. 52-53).
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გ.მუქერიას სააპელაციო საჩივარი ისე დატოვა განუხილველი, საერთოდ არ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. მ-რიას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე გ. მ-რიას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.