ას-841-1200-06 4 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის (განცხადების) ავტორი – ა. ქ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “წ-ი” (მოპასუხე)
დავის საგანი სარჩელში –მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 19 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა ა. ქ-მა მოპასუხე შპს „წ-ის“ დირექტორის მ. ა-ს მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001 წელს მოხდა შპს „თ-ს“ დაქვემდებარებაში მყოფი შპს „თ.მ-ის“ პრივატიზება, რომელიც პრივატიზების შემდეგ ჩამოყალიბდა „წ.მ-ის“ სახელწოდებით. საწარმოს პრივატიზება მოხდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, მუშა-მოსამსახურეებს ეკუთვნით საწესდებო კაპიტალის 10% აქციების სახით, აქციები გადაეცათ მხოლოდ ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებიც მ.ა-მა მოგვიანებით აიძულა, დაეთმოთ მისთვის აქციები. მოსარჩელემ მიუთითა ასევე, რომ ვინაიდან საწარმოს პრივატიზება მოხდა კანონის დარღვევით, იგი უნდა გაუქმდეს და მოხდეს ახალი პრივატიზება კანონის დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე 2001 წლიდან მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს განესაზღვრა 5 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად, ვინაიდან სარჩელში მკაფიოდ არ იყო ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა, ასევე გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნებს, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს და სარჩელის ფასი. ამასთან, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ამავე სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის განჩინებით ანზორ ქარველიშვილის სარჩელი დარჩა უმოძრაოდ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2006 წლის 9 ივნისს ა.ქ-მა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ხოლო 2006 წლის 15 ივნისს ქართველიშვილმა კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 მაისის განჩინებაზე, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივლისის განჩინებით ა.ქ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ა. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 მაისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი (განცხადება) შეიტანა ა. ქ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ა. ქ-ის კერძო საჩივრის (განცხადების) დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ იგი აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. ქ-ის კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 მაისის განჩინება, წარმოადგენდა კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას. ამასთან ერთად, მხარეს განემარტა, რომ განჩინება არ გასაჩივრდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იგი არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას და იყო კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინება. მიუხედავად ამისა, ა. ქ-მა ზემოხსენებული განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი კერძო საჩივარი (განცხადება) დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 417-ე, 419-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ქ-ის კერძო საჩივარი (განცხადება) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.