Facebook Twitter

¹ას-843-1202-06 16 აპრილი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ლ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ .. ..” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ .. ..” მიმართ ზიანის _ 1000 ლარის ანაზღაურებისა და ახალი მრიცხველის მიკუთვნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხე საზოგადოების თანამშრომლებმა შეამოწმეს მოსარჩელის ბინაში დამონტაჟებული გაზის მრიცხველი, რომელიც ვარგისიანად მიიჩნიეს. შემდგომში დ.ლ-ის ბინაში მივიდნენ ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი სხვა პირები და, მრიცხველზე პლომბის შეცვლის მიზნით, იგი მოხსნეს და დააზიანეს. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, სს “ .. ..” თანამშრომლებმა სადავო მრიცხველი არ შეამოწმეს. მოგვიანებით კი დ. ლ-სათვის ცნობილი გახდა, რომ შედგა აქტი მისი მრიცხველის გაუმართაობის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე დ.ლ-ს გარკვეული დროის განმავლობაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, რის გამოც მხარე იძულებული იყო, გამოეყენებინა ელექტროენერგია და სხვა საშუალებები, რითაც მიადგა მატერიალური ზიანი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ზიანის _ 1000 ლარის გადახდა, ახალი გაზის მრიცხველის გადაცემის დაკისრება და მრიცხველის გაუმართაობის გამო მისთვის ადმინისტრაციული სახდელის _ 600 ლარის დაკისრების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველი დავის საგანი შეადგენს 1000 ლარს, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია. რაც შეეხება მხარის მოთხოვნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის დადგენილების გაუქმების თაობაზე, რომლითაც დ.ლ-ს დაეკისრა 600 ლარის ოდენობის ჯარიმა, სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული დადგენილება საჩივრდება ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. ლ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის დადგენილების გაუქმება და ჯარიმის _ 600 ლარის დ.ლ-სათვის დაკისრებაზე უარის თქმა, რის გამოც აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამდენად, წარმოდგენილი საქმე სამოქალაქო საქმეთა პალატამ არასწორად განიხილა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული პალატისათვის განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ლ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სარჩელი სს “ .. ..” მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ზიანის _ 1000 ლარის გადახდა, ახალი გაზის მრიცხველის გადაცემის დაკისრება და მრიცხველის გაუმართაობის გამო მისთვის ადმინისტრაციული სახდელის _ 600 ლარის დაკისრების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ დავის საგანი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატებოდა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული ნორმა არასწორად გამოიყენა. მითითებული მუხლი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიაზე სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს კონკრეტული დავის საგნის ღირებულება, რაც დგინდება დავის საგნით. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არა მარტო ზიანის _ 1000 ლარის ანაზღაურება, არამედ მოწინააღმდეგე მხარისაგან ახალი გაზის მრიცხველის მიღებაც, რაც სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დ. ლ-სათვის ადმინისტრაციული სახდელის _ 600 ლარის დაკისრების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის დადგენილება მხარეს უნდა გაესაჩივრებინა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა მოცემული საქმის განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დ.ლ-მ ზემოხენებული ადმინისტრაციული სახდელის გაუქმება მოითხოვა სააპელაციო ინსტანციაში, რითაც თავისი სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად კი, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. ამდენად, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, დ.ლ-ე არ იყო უფლებამოსილი სააპელაციო საჩივრით მოეთხოვა სადავო ადმინისტრაციული დადგენილების გაუქმება, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა მას სასარჩელო განცხადებაში არ დაუყენებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია კანონდარღვევით და უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ლ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.