საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№597აპ-17 ქ. თბილისი
ქ. გ., 597აპ-17 30 აპრილი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ იმედა გუგუშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის განაჩენით გ. ქ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლის პირველ ნაწილზე. გ. ქ., – -, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა შინაპატიმრობა 1 წლით; გ. ქ-ს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 22:00 საათიდან - 7 საათამდე; გ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 14 თებერვლიდან იმავე წლის 15 მაისის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2017 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ., მეტრო სადგურ „-“ მიმდებარე სავაჭრო ცენტრ „-“ ტერიტორიაზე, გ. ს. და გ. ა-ი სიტყვიერად შელაპარაკდნენ გ. ქ-თან. შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გ. ქ-მა დანით, განზრახ მოკვლის მიზნით, გ. ს-ს გულმკერდსა და მუცელში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ხოლო გ. ა-ს დანით ხელში მიაყენა დაზიანება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ქ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებასა და კანონიერი, სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მითითებით, გ. ქ-ს დანა რომ არ გამოეყენებინა, ადგილზე მყოფი ხალხი მოჩხუბრებს გააშველებდა, ვინაიდან მოწმე გ. შ-ის ჩვენებით, პირველი ინციდენტიდან მეორე ინციდენტამდე მცირე დრო იყო გასული; გ. ქ-ს თავისივე დანით (რომელიც მარჯვენა ხელში ეჭირა) მიყენებული ნაკაწრი დაზიანების გარდა, არაფერი აღენიშნება; გ. ს-სა და გ. ა-ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებიდან ცალსახად ჩანს, თუ ვინ იყო ნაცემი და ახერხებდა თუ არა გ. ქ. თავდამსხმელთა მოგერიებას ხელით; არგუმენტებს, რომლებსაც სასამართლო აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დასაბუთებისათვის იყენებს რეალურად მიუთითებს, რომ გ. ქ. არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში; კასატორის მითითებით, თავდაცვითი მდგომარეობის დასრულების შემდეგ გ. ქ-მა შურისძიების მოტივით იმოქმედა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ. იხ. №1067-10 გადაწყვეტილება), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საჩივრებიდან არ იკვეთება.
9. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გ. ქ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. საკასაციო პალატა გ. ქ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას მართებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უტყუარად ადასტურებს აუცილებელი მოგერიების არსებობისა და მისი ფარგლების გადაცილების ფაქტებს.
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ იმედა გუგუშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე