საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-846-1159-07 19 მარტი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. თ-იძე (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. შ-იძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
2007 წლის 10 აგვისტოს მ. თ-იძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 აგვისტოს ხარვეზის შესახებ განჩინებით მ. თ-იძეს განემარტა განცხადების ხარვეზის შესახებ, კერძოდ, მას არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მას დაცული ჰქონდა ამავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.
2007 წლის 7 სექტემბერს მ. თ-იძემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ იგი არის ინვალიდი, რის გამოც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და წარმოადგინა საპენსიო მოწმობა (იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინებით განთავისუფლებულ იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან). მან ასევე მიუთითა, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძვლის შესახებ შეიტყო 2007 წლის 24 ივლისს, მაშინ, როდესაც ჩაჰბარდა ამავე სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის განჩინება, სადაც განმარტებული იყო, რომ მას 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის განცხადებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ. თ-იძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. თ-იძემ. მან მიუთითა, რომ იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ, გარდა ამისა, მისი განცხადება შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს და არ ჰქონდა დარღვეული განცხადების შეტანისათვის დადგნელი ერთთვიანი ვადა. აქედან გამომდინარე, იგი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი განცხადება განუხილველად.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ. თ-იძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს მითითებულ მუხლში აღნიშნულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას ტოვებს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ სრულად არ იქნა გამოსწორებული ხარვეზის შესახებ განჩინებაში მითითებული მოთხოვნები, კერძოდ, მ. თ-იძეს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან საპენსიო მოწმობაში, რომელიც მხარემ წარმოადგინა მითითებულია, რომ მ. თ-იძეს ინვალიდობის ვადა დადგენილი აქვს მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრამდე, შესაბამისად, მხარე ვერ გათავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეს გაშვებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ვინაიდან 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლის არსებობის შესახებ მხარისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2006 წლის 14 სექტემბერს, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით მხარე გათავისუფლებულ იქნა სახელმწიფო ბაჟისაგან, ამდენად, მ. თ-იძეს მითითებული გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი თვის ვადაში უნდა მიემართა სასამართლოსათვის განცხდებით საქმის წარმოების განახლების შესახებ.
აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან არ არსებობდა განცხადების დასაშვებობის პირობა, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მისი განცხადება განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. თ-იძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.